მიხეილ სარჯველაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ადამიანის უფლებების დაცვა და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო. მიხეილ სარჯველაძე სტუდენტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში სახელმწიფოს როლზე ესაუბრა და საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული სიტუაციის შესახებ ახალგაზრდების მოსაზრებები და შეფასებები მოისმინა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ყურადღება გამახვილდა პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხსა და ბავშვთა უფლებების დაცვაზე. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალგაზრდებთან მსგავსი შეხვედრები აუცილებელია და ის მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ ხედავენ საკითხებს ჩვენი ახალგაზრდები. ისინი გამოთქვამენ სურვილის, ქვეყნის განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა.
მათთან აქტიური კომუნიკაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენ მხარს ვუჭერთ და მომავალშიც გავაგრძელებთ შეხვედრის ამ ფორმატს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.