გიორგი ცუცქირიძე: სოციალური დახმარების არსებული მოდელი არა უბრალოდ გადასახედი, არამედ მთლიანად შესაცვლელი იყო

ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივებს აფასებს.
„პრემიერმინისტრის ინიციატივები სოციალურ პოლიტიკასთან, სააფთიაქო ნარკომანიასა და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ოპოზიციის დიდი ნაწილისათვის, რომ მათმა მართულმა მედიებმა მაშინვე დაიწყეს აბსურდული ჭორებისა და სპეკულაციების გავრცელება, თითქოს, პრემიერი თანამდებობის დატოვებას აპირებს.

მართალია, ეს ჭორები სრული აბსურდია და სიცრუის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოყენების მათივე ჩვეული ტაქტიკაა, მაგრამ ამჯერად ერთადერთ მიზანს ემსახურება, გადაიფაროს პრემიერის ინიციატივები, მთავრობის ეფექტური ნაბიჯები და პოზიტიური დღის წესრიგი, რასაც ტრადიციულად მიმართავენ, თუმცაუშედეგოდ და ახლაც, მორიგ მოკლევადიან ფეიკად იქცა.

არადა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რაც გუშინ საღამოს, საქართველოს “პირველ არხის” ეთერში, გადაცემა „თავისუფალი ხედვაში“, დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა, რეალურად ახალ, ინკლუზიურ, ანუ გრძელვადიან მდგრად ზრდაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პოლიტიკადაც კი უნდა შეფასდეს.

თავის მხრივ, მდგრადი ზრდა ვერ მიიღწევა ეკონომიკურ აქტივობაში მოსახლეობის ფართო ჩართულობის და ადამიანური კაპიტალის გარეშე.
დასაქმების მრავალწლიან პროგრამაზე გადასვლაც, რაც დასაქმების სააგენტოს ფუნქციონალურ რეორგანიზაციას ითვალისწინებს, ამ სტრატეგიის ნაწილად უნდა განვიხილოთ, რომელიც ეკონომიკური აქტივობიდან ხელოვნურად ამოვარდნილი 300 ათასამდე შრომისუნარიანი მოსახლეობის სტაბილურ დასაქმებას და გრძელვადიანი შემოსავალს უზრუნველყოფს უკვე უახლოეს მომავალში“, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სოციალური დახმარების არსებული მოდელი არა უბრალოდ გადასახედი, არამედ მთლიანად შესაცვლელი იყო, რადგან ის ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების შემოსვლის სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის გასული წლის პანდემიური შოკიდან სწრაფი გამოსვლა კარგია, თუმცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ციფრების მიღმა, პრობლემებიც ჩანს. ეკონომიკური აქტივობის უდიდესი ნაწილი დედაქალაქზე მოდის, ხოლო პრემიერსვე თუ დავესესხები, სამწუხაროდ, დანგრეული და გაპარტახებულია რეგიონები და ბევრი რამ თავიდან არის ასაშენებელი, რასაც არაერთი წელი დასჭირდება, მაშინ როდესაც განსაკუთრებით რეგიონები მუშახელის მნიშვნელოვან დეფიციტსაც განიცდის.
სოციალური დახმარების არსებული მოდელი, არა უბრალოდ გადასახედი, არამედ მთლიანად შესაცვლელი იყო, რადგან ის ეკონომიკური ზრდის და ინვესტიციების შემოსვლის სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. ეკონომიკის ზრდა, გაზრდილ და კვალიფიციურ შრომით რესურსებსაც ითხოვს.

დღეს მთავარია, გადავიდეთ ისეთ მოდელზე, სადაც შრომა იქნება ადამიანების მასტიმულირებელი და არა – სოციალური დახმარების მოხსნის შიში, ამიტომ, სავსებით გამართლებულია, სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოსახლეობას ჰქონდეს არა მხოლოდ გარანტირებული ხელფასი, კონკრეტული სამუშაოდან და იმ შემწეობის ოდენობის, არამედ, მას შეეძლება, დამატებით სხვა სამსახურიც იშოვოს, მათ შორის, სეზონური, ან თუნდაც ყოველდღიური, რაც ქვეყანაში, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სიღარიბის დონის სერიოზული შემცირების ფაქტორი გახდება.
ბუნებრივია, სტიმულირების ახალ სისტემაზე გადასვლა, სინერგიის ეფექტის ელემენტსაც შეიძენს, ამ პროგრამაში ჩართული ადამიანებისათვის, რაც მათ
საკუთარი ბიზნესსაქმიანობის წამოწყების საშუალებასაც მისცემს. ბუნებრივია, სახელმწიფო აღარ გააგრძელებს ამ ანაზღაურების გადახდას და ფისკალური ეფექტიც შესაბამისი იქნება.

რაც შეეხება სააფთიაქო ნარკომანიასა და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით წამოყენებულ ინიციატივებს, მათი აქტუალობა, გარდა მაკროეკონომიკური ფაქტორისა(მარტო ონლაინკაზინოებიდან 1.5 მილიარდი დოლარის გადინება, დაახლოებით ქვეყანაში შემსული ფულადი გზავნილების ტოლია, და აღემატება ბოლო წლების პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც), მისი ასოციალური და დემოგრაფიული ხასითიდან გამომდინარე, სერიოზულ ეროვნულ პრობლემასაც წარმოადგენს“, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები