ამ დროისთვის, კორონავირუსის ყველაზე აგრესიული ვარიანტი, რომელთანაც ბრძოლა გვიწევს, „დელტა“ შტამია. სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, „დელტა“ თითქმის ორჯერ მეტად გადამდებია და უფრო მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლია. გადადების ყველაზე დიდი შანსი აუცრელ ადამიანებს შორის არის, თუმცა, შესაძლოა, ვირუსი ვაქცინირებულმა ადამიანმაც გაავრცელოს. მაიოს კლინიკაში – ამერიკის ცნობილ აკადემიურ სამედიცინო ცენტრში ამბობენ, რომ ვაქცინირებული ადამიანები უფრო მოკლე დროის განმავლობაში არიან გადამდებნი, ვიდრე – აუცრელები.
ამ დროისთვის, მეცნიერები „ალფა“, „გამა“ და „ბეტა“ ვარიანტებსაც აკვირდებიან, თუმცა, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ეს შტამები უფრო ნაკლებად ვრცელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვირვების ქვეშ არის „მიუ“ ვარიანტიც.
კვლევები ცხადყოფს, რომ კორონავირუსის ვაქცინები ოდნავ ნაკლებადეფექტიანები არიან ახალი შტამების მიმართ, თუმცა, ადამიანებს დაავადებისა და მათი გართულებებისგან მაინც იცავს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ „ფაიზერით” სრულად ვაქცინირებული ადამიანები „დელტა“ ვარიანტისგან 88%-ით არის დაცულნი. ვაქცინა 96%-ით იცავს „დელტა“ ვარიანტით გამოწვეულ მძიმე გართულებებს. კვლევის მიხედვით, ასევე, დადგინდა, რომ „ფაიზერი“ „ალფა“ ვარიანტისგან ადამიანს 93%-ით იცავს.
ამასთან, ადრეულმა კვლევებმა კანადაში აჩვენა, რომ „მოდერნას“ ერთმა დოზამ „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 72%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ასევე, ერთი დოზა 96%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა „დელტა“ შტამით გამოწვეული დაავადების გართულებების წინააღმდეგ.
რაც შეეხება „სინოფარმსა” და „სინოვაკს”, ჩინური წყაროების ცნობით, მათ ვირუსის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ აჩვენეს ეფექტი. კვლევებმა ცხადყო ისიც, რომ სწორედ ამ ვაქცინებით შეაჩერეს ეპიდაფეთქება ქალაქ გუანჯოუში. ამავე კვლევების თანახმად, „დელტას“ წინააღმდეგ დაცვა ჩინურ ვაქცინებს 59% აქვს, საშუალო სიმძიმისგან იცავს 70.2%-ით, ხოლო მძიმე გართულებებისგან – 100%-ით.
ამასთან, ვაქცინის ერთი დოზისგან დაცვა ძალიან დაბალია – 13.8%.