ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის ინსპეციის სამსახური „მწვანე პასპორტის“ სქემაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთან შეხვედრებს მართავენ
ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის ინსპეციის სამსახური „მწვანე პასპორტის” სქემაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთან შეხვედრებს მართავენ.
დღეს, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და მთავარი შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე სავაჭრო ცენტრების, კვების ობიექტების, გასართობი ცენტრებისა და კინოთეატრების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მწვანე ზონებთან დაკავშირებით მიღებული წესები და „მწვანე პასპორტის” კონცეფცია.
კერძო სექტორის წარმომადგენლებმა „მწვანე პასპორტის” კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია მიიღეს.
“პრემიერ-მინისტრის დავალებით დავიწყეთ შეხვედრები “მწვანე პასპორტის” კონცეფციაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთან. შრომის ინსპექციასთან ერთად კერძო სექტორს ვაწვდით ინფორმაციას “მწვანე პასპორტის” კონცეფციის პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შემდეგი შეხვედრა დაგგემილი გვაქვს ფიტნეს სექტორთან” – განაცხადა ნინო კვეტენაძემ. საინფორმაციო სახის შეხვედრები დაგეგმილია „მწვანე პასპორტის” სქემაში ჩართულ სხვა ბიზნეს სექტორებთანაც.