მარნეულში საკონდიტრო საწარმო დაიხურა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტრო საწარმო დახურა და ვადაგასული სურსათი ამოიღო. სურსათისა და ცხოველური საკვების ინსპექტირების დეპარტამენტმა საწარმოო პროცესი მარნეულში, “ავერსის კლინიკის” მიმდებარედ საკონდიტრო საწარმო შპს ს/ვ-ს შეუჩერა. სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოს დახურვის საფუძველი გახდა კრიტიკული შეუსაბამობები, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, წყლის ხარისხის დამადასტურებელი გამოცდის ოქმისა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური კვლევის არარსებობა და სხვ. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტ “ზემელიდან” და ბარათაშვილის ქუჩაზე, შპს “უნივერსალის” სასურსათო მაღაზიიდან ვადაგასული სურსათი ამოიღეს. სხვადასხვა დასახელების კარაქი, მარგარინი, ხინკალი, მოხარშული და ნახევრად შებოლილი ძეხვი, თხილი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება. სურსათის სააგენტოში აცხადებენ, რომ “ზემელსა” და ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ი/მ “მაია მახარაშვილის” მარკეტში გამოვლინდა ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევები, კერძოდ, დახლებზე განთავსებულ პროდუქტს არ ჰქონდა ქართული ეტიკეტი, რაც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებს 400 ლარის ჯარიმას.