გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და მაღალი ზრდის პირობებში, პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა – 2021 წლის ოქტომბრის ექსპორტი 2019 წლის ოქტომბრის ექსპორტს 28.6%-ით აღემატება

„ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და მაღალი ზრდის პირობებში, პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა 2021 წლის ოქტომბერში, რაც წლის დასაწყისიდან იანვარ-ოქტომბრის საშუალო წლიურ დინამიკაზეც შესაბამისად აისახა. 2021 წლის ოქტომბერში გასულ, კრიზისულ წელთან შედარებით ექსპორტი 31.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 411.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის ოქტომბერში, ანუ პანდემიამდე დაფიქსირებულ მონაცემებსაც კი. 2021 წლის ოქტომბრის ექსპორტი 2019 წლის ოქტომბრის ექსპორტს 28.6%-ით აღემატება,“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემს თავის სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, ექსპორტის ზრდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის გაზრდილ მაჩვენებელში აისახა. ოქტომბერში საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 1,315.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მონაცემებს 26.2% ით აჭარბებს. „ექსპორტის ზრდის დინამიკა, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ასევე მაღალი ზრდით ხასიათდება. ექსპორტი 24.9 პროცენტით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით და 3,392.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ამასთან, 11.0%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემსაც. ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვამ 11.4 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.0%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 5.3% ით მეტია, ეს დინამიკა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ 2020 წელს ექსპორტი 12.0 პროცენტიანი შემცირების ფონზე, რეალურს ხდის წლის ბოლოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდის პროგნოზს,“ – აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა.
„შარშანდელი ეკონომიკური ვარდნის შემდგომ, ასე მოკლე პერიოდში ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ასეთი პოლიტიკური რყევები და ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟირების დღის წესრიგი, რაც მიმდინარე წელსაც გრძელდება პერმანენტული მიტინგების და უკვე შიმშილობების დღის წესრიგით, არა თუ რეგიონის, არამედ ევროპის არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა, გაცილებით მეტი ინვესტიცია შემოვიდოდა ქვეყანაში და შესაბამისად, ეკონომიკის კიდევ უფრო მაღალ ზრდასთან ერთად, დასაქმების უკეთესი მაჩვენებელი გვექნებოდა, რასაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბოლო ანგარიშიც ადასტურებს, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძირითად რისკებს სწორედ გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობა ქმნის, ვაქცინაციის დაბალ ტემპებთან ერთად,“ – წერს ,,ფეისბუქზე,, გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები