ქალბატონო ნინო ლომჯარია – თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი კორპორაცია ვერ ისვენებს. საკუთარ პოლიტიკურ მარცხს ვერ ეგუება, ქვეყნის საკონსტიტუციო კალაპოტში დაბრუნება არ სურს, – ასე მიმართავს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სახალხო დამცველს და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ გოგა იორდანიძის საცხოვრებელ სახლთან დატოვებულ შეურაცხმყოფელ წარწერებთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“თქვენ და თქვენი ორგანიზაცია, სამწუხაროდ, აგულიანებთ და აქეზებთ მათ – ამას კი უკვე დანაშაულის მომზადებაში თანამონაწილეობა ჰქვია.
ნაცმოძრაობის ჯალათები, თავისი პოლიტიკური ოპონენტების შვილების წყევლა/გინების რეჟიმიდან, მათ საცხოვრებელ სახლებზე პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდნენ. არც წინა 9 წლის, არც მომდევნო 9 წლის განმავლობაში – რაც არ უნდა გამწარებული ყოფილიყო ჩვენი მოსახლეობა სააკაშვილზე, მერაბიშვილზე, ახალაიაზე, ქარდავაზე, კოდუაზე, უბირიაზე და ა.შ. – ელემენტარული ადამიანობის, ქართველობის, ქრისტიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, არავის მოსვლია თავში მათ საცხოვრებელ სახლებთან, მათი შვილებისათვის მათ მართლაც რომ ჯალათი მამების თაობაზე გზავნილების დატოვება, მათი ლანძღვა, გინება, წყევლა თუ ფსიქოლოგიურ სტრესში ჩაგდება.
ქალბატონო ნინო ლომჯარია – ნუ გადააყოლებთ პარტიულ და იდეოლოგიურ ვალდებულებებს ამ ცეცხლთან სახიფათო თამაშს. ერთხელ მაინც შეუდექით თქვენს, კონსტიტუციით მინიჭებელ, მოვალეობების შესრულებას და წერტილი დაუსვით ამ “კუ-კლუქს-კლანის” თარეშს საქართველოში. ან საკუთარი თავიც გამოაცხადეთ ამ სახელმწიფოში კანონგარეშე მოთამაშედ – ჩვენ ამასაც გაგებით მოვეკიდებით”, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” წევრებმა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.