თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა აჭარის რეგიონში დისლოცირებული თავდაცვის უწყების დანაყოფები მოინახულა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომიტეტის წევრებმა, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში, აჭარის რეგიონში, ბათუმსა და ქობულეთში დისლოცირებული თავდაცვის უწყების დანაყოფები მოინახულეს და ინფრასტრუქტურულ და მატერიალ-ტექნიკურ ბაზას ადგილზე გაეცნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა თავდაცვის უწყების დანაყოფებში არსებულ მდგომარეობას მაღალი შეფასება მისცეს.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ვაგრძელებთ ვიზიტებს თავდაცვის უწყების სხვადასხვა დანაყოფებში, რაც საშუალებას გვაძლევს უშუალოდ ადგილზე, დანაყოფების დონეზე გავეცნოთ უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, სისტემის ტრანსფორმაციის პროცესს. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით პირად შემადგენლობას და გვენახა რეზერვისტთა შერჩევის პროცესი, დაგვეთვალიერებინა ინფრასტრუქტურული პროექტები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სამხედრო მოსამსახურეების აღჭურვილობა. მაღალ შეფასებას იმსახურებს ყველაფერი ის, რაც ჩვენ ადგილზე მოვინახულეთ ვიზიტის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ დიდია თავდაცვის სისტემის განვითარების მასშტაბები და ტემპები, თუ როგორ ყურადღებას უთმობს საქართველოს ხელისუფლება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ჩვენი საზედამხედველო ვიზიტები გაგრძელდება და თავდაცვის ძალებს, ჩვენ სახელოვან და ღირსეულ სამხედრო მოსამსახურეებს პარლამენტის მხრიდან ყოველთვის ექნებათ დიდი მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის ოპოზიციონერი წევრის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, ადგილებზე სამხედრო ნაწილების მონახულება კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

„კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებაში მნიშვნელოვანია სამხედრო ნაწილების მონახულებას, როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაცნობას, ისე სამხედროების ყოფითი პირობების შემოწმებას. ჩემთვის საინტერესო იყო მენახა თუ რა პირობებში არიან ჩვენი სამხედროები და რა საჭიროებებია იმისთვის, რომ ჩვენ რეკომენდაციებით მივმართოთ მთავრობას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამხედროებს ჰქონდეთ ისეთი პირობები, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად არის აუცილებელი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები