ნიკა ობოლაძე – მიხეილ სააკაშვილზე: კადრებშიც ჩანს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

 

“კადრებშიც ჩანს, რომ მნიშვნელოვნად არის შელახული მისი ჯანმრთელობა და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზე საუბრისას განაცხადა.

ობოლაძის თქმით, მათი მთავარი გეგმა ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენაა.

„კადრებშიც ჩანს, რომ მნიშვნელოვნად არის შელახული მისი ჯანმრთელობა და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ამ დროს, ნაცვლად იმისა, რომ თუ რაიმე მინერალი მიიღო სააკაშვილმა, მხოლოდ უხაროდეთ ეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველაფერს აკეთებენ, რომ სააკაშვილი მოკვდეს. ჩვენი გეგმაა, გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, გადავარჩინოთ ქვეყანა, შევიკრიბოთ, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გვქონდეს. ეს იქნება მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე აქცია, რომ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი კლინიკაში. სააკაშვილის სიცოცხლე შენარჩუნდეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს ცხოვრების გაგრძელების შანსი და არ ჩავეხვიოთ იმ საშინელ მორევში, საიდანაც ათწლეულები შეიძლება, ვერ ამოვიდეთ“,- განაცხადა ობოლაძემ.

ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელზეც, მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი. უწყება ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები