პარლამენტში სტამბოლის კონვენციის ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვისა და მათი აღსრულების ეფექტიანობის საკითხის თაობაზე თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა ჩატარდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ თემატური მოკვლევის – „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) ვალდებულებების კანონმდებლობაში ასახვისა და მათი აღსრულების ეფექტიანობის” საკითხის თაობაზე ზეპირი მოსმენა ჩაატარა.

პარლამენტის ინფორმაციით, ძირითადი განსახილველი საკითხები იყო: საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც შეუსაბამოა სტამბოლის კონვენციასთან და სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარე, რა მიმართულებებითაა საჭირო მუშაობის გაძლიერება აღსრულების მექანიზმების კუთხით.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის და თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, ნინო წილოსანის განცხადებით, 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება იყო ერთ-ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული ქალთა მიმართა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რის შემდეგაც რამდენიმე ათეულ კანონში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა.

„თემატურმა მოკვლევამ, მათ შორის, მასში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების და ამ სფეროს წარმომადგნელების მოსაზრებებმა, საფუძველი უნდა დაუდოს ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, თუ რომელიმე საკანონმდებლო აქტის კონკრეტული მუხლი სტამბოლის კონვენციის შესაბამისად საჭიროებს დახვეწას, ასევე, თუ ჩვენ დამატებით კიდევ გვჭირდება ქალთა მიმართ ძალადობის ნაწილში საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა. ზეპირ მოსმენაში მონაწილეობას ღებულობდნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN), ევროპის საბჭოს (Council of Europe), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG), ასოციაცია „მერკურის”, ასოციაცია „საფარის” და „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” წარმომადგენლები.

ზეპირის მოსმენის მოდერატორები იყვნენ თემატური მოკვლევის ექსპერტები: თამარ ჩუგოშვილი და გოგა ხატიაშვილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მორიგი ზეპირი მოსმენა გაიმართება 5 ნოემბერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები