დღეს “ქართული ოცნება” თბილისში შემაჯამებელ აქციას მართავს – მმართველი პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდან კოლონებით მოემართებიან

“ქართული ოცნების” შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრაზე დასასწრებად ავტომობილების კოლონები რეგიონებიდან დედაქალაქისკენ უკვე გაემართნენ.

მმართველი გუნდის მხარდამჭერები გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტიდან აქციაზე მხარდასაჭერად, პარტიის ადგილობრივი ლიდერების განცხადებით, 5 000-ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა.

როგორც აქციაზე წამსვლელები აცხადებენ, თბილისში მიდიან იმისთვის, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ “ქართული ოცნების” მიმართ თავიანთი მხარდაჭერა გამოხატონ.

სამეგრელოდან “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე 10 000-ზე მეტი ადამიანი მიემგზავრება. ზუგდიდიდან კოლონები უკვე დაიძრნენ. მმართველი გუნდის მხარდამჭერები თბილისში სამარშუტო ტაქსებით, ავტობუსებითა და მსუბუქი მანქანებით მიემართებიან. მათი თქმით, ისინი ყოფილი ხელისუფლების – “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმს აპროტესტებენ და დღეს თავისუფლების მოედანზე ღირსების დასაცავად მიდიან.

“ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული შემაჯამებელ აქციაზე კოლონებით ფოთიდანაც გაემგზავრნენ.

ადგილობრივი ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისში “ქართული ოცნების” მხარდასაჭერ აქციაზე ფოთიდან 1000-მდე ადამიანი გაემგზავრა. შეკრებილების ინფორმაციით, ისინი “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან და თბილისში მიემგზავრებიან “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დასაგმობად.

აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. “ქართული ოცნების” მხარდამჭერების ნაწილი სპორტის სასახლესთან შეიკრიბა და კოლონების ნაწილი ქალაქიდან უკვე დაიძრა. როგორც პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, აქციას ქუთაისიდან დაახლოებით 6000 ადამიანი უერთდება, იმერეთიდან კი, ჯამურად, 22000 მდე მხარდამჭერი მიემგზავრება. მათი თქმით, გზაზე შეფერხება რომ არ იყოს, რეგიონებიდან წინასწარ გაწერილი გრაფიკით მიდიან.

თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” მიერ დღეს დაგეგმილ შეკრებას მხარდამჭერები უერთდებიან აჭარიდანაც. ბათუმიდან საავტომობილო კოლონები უკვე დაიძრნენ. არა რევანშს! ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ – ამბობენ მმართველი გუნდის მხარდამჭერები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები