მოსკოვში ბჟანიას ე.წ. სამუშაო ვიზიტები გახშირდა – დე ფაქტო ლიდერი ოქტომბერში უკვე მესამე ვიზიტს ახორციელებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ასლან ბჟანია ე.წ.სამუშაო ვიზიტით ისევ მოსკოვში გაემგზავრა.

ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში შეხვედრები გაიმართება პუტინის ადმინისტრაციასა და მთავრობაში.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ბჟანია მოსკოვს უკვე მესამედ სტუმრობს.

პირველად ის 2 ოქტომბერს ჩავიდა, თუმცა, ორ დღეში იძულებული გახდა, სოხუმში დაბრუნებულიყო, სადაც ძალოვანების მონაწილეობით სკანდალი აგორდა და ხალხში ვნებათაღელვა მატულობდა.

დე ფაქტო ლიდერი რუსეთში 8 ოქტომბერს დაბრუნდა, სადაც 16 ოქტომბრამდე იმყოფება.

ამ ხნის განმავლობაში ის შეხვდა რიგ რუს მაღალჩინოსანს, რომლებთანაც “სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რიგი საკითხები განიხილა”.

კერძოდ, სხვა საკითხებთან ერთად, როგორც თავად ბჟანიამ სოხუმში დაბრუნების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა, რამდენიმე კვირაში ე.წ. რესპუბლიკის გაზიფიცირების პროექტს მოეწერება ხელი, რომელსაც რუსული მხარე განახორციელებს. ბჟანია მოსკოვში “გაზპრომ”-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

გარდა ამისა, ე.წ.პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდება. საუბარია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ინვესტორების საქმიანობის იურიდიულ მხარეზე, რომლის ფარგლებში ინვესტორებს გარკვეული პრეფერენციები ექნებათ.

“დოკუმენტს ხელი უკვე მიმდინარე წელს მოეწერება და ის აფხაზეთის ეკონომიკაში რუსული ინვესტიციების მოზიდვის დამატებით პირობებს შექმნის”, – თქვა ბჟანიამ.

2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში ასლან ბჟანიასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროს თანამშრომლობის გაძლიერებას, სამოკავშირეო და მეგობრულ კავშირებს გაესვა ხაზი. აღნიშნულს კი “რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სოციალური და ეკონომიკური პროგრამის ფორმირება ორი ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საფუძველზე” დაერქვა.

აღნიშნულმა აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ოკუპირებულ აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ ე.წ.კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რეალურად, აფხაზეთში რუსული ბიზნეს-ინტერესების ლობირებას გულისხმობს.

აფხაზეთის სოციალურ ქსელებში ისმოდა შემდეგი მოსაზრებები, რომ “აფხაზეთის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, იმედია, ისეთი ხალხი იქნება, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს დაიცავენ. თუ არა, მაშინ არ არის საჭირო სახელმწიფოებრიობის იმიტირება. უმჯობესია, პირდაპირ განვაცხადოთ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები