კრემლის მორიგი შეტევა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ

ოკუპირებულ აფხაზეთში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოთხოვნაზე საუბარი ისევ გააქტიურდა. ბესარიონ აპლიამ, რომელიც ადგილობრივი ეკლესიის პრორუსული განშტოების წინამძღვარია, ამასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. საქართველოს საპატრიარქომ მას საპასუხოდ წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ქართული ეკლესია მიმართვის შინაარსსა და სულისკვეთებას კატეგორიულად არ ეთანხმება, თუმცა, დიალოგის დაწყების აუცილებლობას აღიარებს და ამისთვის აპლიას თბილისში იწვევს. აპლიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა მხოლოდ მოსკოვშია შესაძლებელი. „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ სურს, რაიმე სულიერი კავშირი ჰქონდეს მათთან, ვინც აფხაზეთს მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად“ – განმარტა აპლიამ.

აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკუთვნის და მისი სახელია ცხუმ-აფხაზეთის ან სოხუმი-აფხაზეთის ეპარქია. 1992-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეთნიკურ ქართველები რეგიონიდან გამოყარეს. კონფლიქტის შედეგად, თბილისი ამ ტერიტორიაზე საეკლესიო კონტროლს ვეღარ ახორციელებს.

ოფიციალურად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, თუმცა, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე რელიგიურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული. მაიკოპისა და ადიღეს არქიეპისკოპოსი ტიხონი ხშირად ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ მნიშვნელოვან საერო ღონისძიებებშიც მონაწილეობს.

ამჟამად, საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში სასულიერო პირებს მოსკოვის საპატრიარქოს მეზობელ ეპარქიებში აკურთხებენ. აფხაზეთის ეკლესიებში ლოცვებში რუსეთის პატრიარქ კირილეს მოიხსენიებენ. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ეკლესია რამდენიმე არაკანონიკურ საეკლესიო ჯგუფთან ერთად მოქმედებს. ეს ჯგუფებია “ალანიის ეპარქია” ოკუპირებულ ცხინვალში, “წმიდა მიტროპოლია” და “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია” ოკუპირებულ აფხაზეთში. ოფიციალური არაღიარების მიუხედავად, რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებული რეგიონების ეკლესიებს არაოფიციალურ დონეზე სრულად აკონტროლებს.

ამავდროულად, რუსული სპეცსამსახურები ეკლესიას თავიანთი მიზნებისთვის აქტიურად იყენებენ. კრემლი სახელმწიფო საზღვრებს გარეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზეზით ამართლებს, რუსული ეკლესია კი იმავეს მართლმადიდებლების დაცვის საბაბით ხსნის. რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებულ რეგიონებში შიდა საეკლესიო დაპირისპირებებში ხშირად ერევა, არადა, ეს მხოლოდ საქართველოს ეკლესიის საქმეა. ეკლესიების კონტროლთან ერთად, მოსკოვის საპატრიარქო ხშირად მართავს ე.წ. ოფიციალურ შეხვედრებს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. თავად რუსი სამღვდელობაც აღიარებს, რომ ხშირად არაკანონიკურად იქცევიან, მაგრამ აცხადებენ, რომ იმ ვაკუუმის შევსებას ცდილობენ, რომელიც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლების ადგილზე არყოფნით წარმოიქმნა.

ბესარიონ აპლიას რუსეთის პატრიარქსა და სპეცსამსახურებთან პირადი ურთიერთობები აქვს და ამას არც მალავს. საქართველოს ეკლესიის მოწვევის საპასუხოდ, შეხვედრის მოსკოვში გამართვის ულტიმატუმი პირდაპირ რუსეთის დავალებაა. ეკლესიური კანონების თუ მორალური გადმოსახედიდან აპლია მხოლოდ პაიკია რუსეთის ხელში; იმ რუსეთის, რომელიც საეკლესიო ისტორიის დამახინჯებას ცდილობს და ამტკიცებს, რომ ისტორიულად „აფხაზეთის ეკლესია“ ქართული ეკლესიის შემადგენლობაში არასდროს ყოფილა.

ნათია გულბანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები