რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მიდის – გაზიფიცირების გეგმასაც ხელი სულ მალე მოეწერება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რამდენიმე კვირაში ე.წ. რესპუბლიკის გაზიფიცირების პროექტს მოეწერება ხელი, რომელსაც რუსული მხარე განახორციელებს.

ბჟანია მოსკოვში ე.წ.სამუშაო ვიზიტით ოქტომბრის დასაწყისში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებში “გაზპრომ”-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

განიხილებოდა ოკუპირებული აფხაზეთის გაზიფიცირების საგზაო რუკა და გენერალური სქემის შემუშავება.

როგორც ბჟანიამ ვიზიტის შეჯამებისას პრესკონფერენციაზე თქვა, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდება.

საუბარია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ინვესტორების საქმიანობის იურიდიულ მხარეზე, რომლის ფარგლებში ინვესტორებს გარკვეული პრეფერენციები ექებათ.

“დოკუმენტს ხელი უკვე მიმდინარე წელს მოეწერება და ის აფხაზეთის ეკონომიკაში რუსული ინვესტიციების მოზიდვის დამატებით პირობებს შექმნის”, – თქვა ბჟანიამ.

2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში ასლან ბჟანიასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროს თანამშრომლობის გაძლიერებას, სამოკავშირეო და მეგობრულ კავშირებს გაესვა ხაზი. აღნიშნულს კი “რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სოციალური და ეკონომიკური პროგრამის ფორმირება ორი ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საფუძველზე” დაერქვა.

აღნიშნულმა აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ოკუპირებულ აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ ე.წ.კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რეალურად, აფხაზეთში რუსული ბიზნეს-ინტერესების ლობირებას გულისხმობს.

აფხაზეთის სოციალურ ქსელებში ისმოდა შემდეგი მოსაზრებები, რომ “აფხაზეთის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იმედია, ისეთი ხალხი იქნება, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს დაიცავენ. თუ არა, მაშინ არ არის საჭირო სახელმწიფოებრიობის იმიტირება. უმჯობესია, პირდაპირ განვაცხადოთ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები