სიმონ ჯანაშია: დისტანციური სწავლების ხარისხი შემდეგ 10 წელში გამოიკვეთება
“დისტანციური სწავლება ისეთ განათლებას ვერ იძლევა, როგორიც საჭიროა, ეფექტური დაგეგმარების გარეშე ბავშვები სწავლაში ჩამორჩებიან, შემდეგი, მაღალი კლასების პროგრამების დაძლევა ძალიან გაუჭირდებათ. საბოლოოს, ეს აისახება იმაზე, რომ ქვეყანას განათლებული კადრების პრობლემა შეექმნება“, – ამის შესახებ განათლების საკითხების ექსპერტმა, სიმონ ჯანაშიამ “კვირას” განუცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ დისტანციური სწავლების კუთხით სკოლების დირექტორებსა თუ მასწავლებლებს დირექტივა უნდა მისცეს, რომ ონლაინ სწავლება უფრო ეფექტური გახდეს.
“დისტანციური სწავლება, რა თქმა, უნდა მოქმედებს როგორც ბავშვებზე, ისე – მასწავლებლებზე. ბევრი პრობლემაა, იგივე, ინტერნეტთან, კომპიუტერთან დაკავშირებით. ბევრი მასწავლებელი თუ მოსწავლე კომპიუტერთან დაკავშირებულ საჭირო უნარებს ვერ ფლობს. ბევრია ისეთი მასწავლებელი, რომლის გაკვეთილიც კლასში ახსნილი უფრო ეფექტურია, ვიდრე ონლაინ ვერსია. ბევრ ბავშვს, ისევე როგორც მასწავლებელს ან კომპიუტერი არ აქვს, ან ინტერნეტი ან ორივე ერთად – ამ შემთხვევაში, პრობლემის მოგვარებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, სკოლის დირექტორებმა. საჭირო პირებისთვის უნდა მოხდეს კომპიუტერების გადაცემა. არის შემთხვევები, როცა სკოლების ლაბორატორიებში არის კომპიუტერები, თუმცა, ისინი მათთვის, ვისაც ეს პრობლემა აქვთ არ არის გადაცემული, ამ რესურსის გამოყენებაც შეიძლება და სკოლის დირექტორების დირექტივებით მათი გადანაწილება.
სახელმწიფომ უნდა მისცეს დირექტივა დისტანციური სწავლების კუთხით სკოლების დირექტორებსა თუ მასწავლებლებს, რომ ონლაინ სწავლება უფრო ეფექტური გახდეს, რაც უფრო სწორად წარიმართება ონლაინ გაკვეთილები, ლაბორატორიების მსგავსად იქნება სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები გამოყენებული, შედარებით უფრო ნაკლები პრობლემა შეიქმნება. თუმცა, რა თქმა უნდა, დისტანციური სწავლება ისეთ განათლებას ვერ იძლევა, როგორიც საჭიროა, როგორც ეს ხდება საკლასო დონეზე, მსგავსი პრობლემები კერძო სკოლებშიც იქნება.
შეიძლება ვთქვათ, რომ დისტანციური სწავლების ხარისხი შემდეგ 10 წელში გამოიკვეთება. საუკეთესო გზა არ არის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თუმცა, როცა სხვა გამოსავალი არ არის ეფექტურობაზე ფიქრია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვები სწავლაში ჩამორჩებიან, შემდეგი, მაღალი კლასების პროგრამების დაძლევა ძალიან გაუჭირდებათ, შესაბამისად, უკვე პრობლემები შეიქმნება უმაღლეს სასწავლებლებშიც, რაც, საბოლოოდ, აისახება იმაზე, რომ ქვეყანას განათლებული კადრების პრობლემა შეექმნება.
ეს პანდემია რომ 12 წლის წინ ყოფილიყო, კიდევ უარეს სიტუაციაში ვიქნებოდით, ახლა გაცილებით კარგი მდგომარეობაა – ტექნიკური ინვენტარის თუ სხვა თვალსაზრისით…
იგივე მდგომარეობაა უმაღლეს სასწავლებლებშიც, განსაკუთრებით, პრაქტიკულ ნაწილში და განსაკუთრებით სამედიცინო მიმართულებით. თეორიული ნაწილი სტუდენტებისთვის უფრო მარტივია. ამიტომ, რაღაც ჰიბრიდული ფორმებია მოსაფიქრებელი. შეიძლება, ონლაინ ლექციების დროს უცხოელი პროფესიონალების, ასევე, იმ ქართველების ჩართულობა, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და აქვთ დარგის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. პრაქტიკულ მხარეზე უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, გარკვეული წახალისება უნივერსიტეტების…”, – განაცხადა ჯანაშიამ.