თამარ გაბუნია: კლინიკების დიდი ნაწილი დარჩება მობილიზებული, ნაწილი გადავა ჰიბრიდულ რეჟიმზე, რათა გეგმური პრობლემები ვმართოთ
“კლინიკების დიდი ნაწილი დარჩება მობილიზებული, ნაწილი გადავა ჰიბრიდულ რეჟიმზე, რათა გეგმური პრობლემები ვმართოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება კლინიკების დემობილიზაციაზე მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ იძლევა.
“ჩვენ COVID19-ის მეოთხე ტალღისა და შიდა პიკის პერიოდში 9 ათასამდე საწოლის მობილიზება დაგვჭირდა. საწოლფონდი დღეს ნახევრადაა დატვირთული და ჩვენ დემობილიზაციის სქემაც კი გვქონდა, ვფიქრობდით კლინიკების დაბრუნებას სომატური მართვის რეჟიმში, თუმცა, ბოლო ერთი კვირის რიცხვები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კლინიკების დემობილიზაციაზე მუშაობა განვაგრძოთ.
ვფიქრობ, კლინიკების დიდი ნაწილი კვლავაც დარჩება მობილიზებულ მდგომარეობაში, გარკვეული ნაწილი გადავა ჰიბრიდულ რეჟიმზე, იმისთვის, რომ ჩვენ სომატური პრობლემების მართვის შესაძლებლობა გვქონდეს და, მოგეხსენებათ, გეგმური ოპერაციების ჩატარება 1-ელი ოქტომბრიდან განახლდა. ამისთვისაც სჭირდება ჯანდაცვის სისტემას რესურსი“, – აღნიშნა გაბუნიამ.