საქართველოში რაგბის 100 ახალი მოედანი აშენდება
რაგბის კავშირი ქვეყნის მთავრობასთან სპორტის გასავითარებლად მუშაობს.
საქართველოს რაგბის კავშირი აპირებს ქვეყანაში სათამაშო მოედნების რაოდენობა გააოთხმაგოს.
მთავრობასთან თანამშრომლობით, საქართველოს რაგბის კავშირი ქვეყნის მასშტაბით 45 ადგილას აპირებს 100 ახალი სათამაშო მოედნის აშენებას მომდევნო წლების განმავლობაში. ამჟამად მათი რაოდენობა 27-ია და ზრდაც ძალიან დიდი იქნება იმ იმედით, რომ მორაგბეთა რაოდენობა გაიზრდება და მომავალი მამუკა გორგოძეები და ვასილ ლობჟანიძეები გაჩნდებიან.
საქართველო ამჟამად მე-12 ადგილზეა მსოფლიოში და ლიდერობს, რათა საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს „Europe One“ ფორმატში 2023 წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან წელს მიჯრით მეოთხედ აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი.
„Rugby World“ რედაქციამ რამდენიმე კითხვა დაუსვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს ქვეყანაში რაგბის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ.
– მოგვიყევით პროექტის შესახებ. რას გულისხმობს საქართველოში მეტი რაგბის მოედანის მშენებლობის იდეა?
-უპირველესად, ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ეს ინიციატივა გლობალური მისიის მიზნებს ემსახურება. ეს პროექტი მსოფლიო რაგბის სტრატეგიულ მიზნებში საკუთარი წვლილის შეტანას გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებით და სპორტულ ობიექტებზე ახალგაზრდა თაობისთვის მეტი წვდომის უზრუნველყოფით, რისი საჭიროებაც მთელ მსოფლიოშია; მოხდება რაგბის პოპულარიზაცია და გაიზრდება ჩვენი თამაშის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო მასშტაბით. ამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად შევისწავლეთ საქართველოს კონკრეტული რეგიონები მიწის რესურსის, დემოგრაფიის, მოსახლეობის სიმჭიდროვის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. შემდეგ, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების საპროექტო ნახაზები მოვარგეთ გაკეთებულ მიგნებებსა და ტექნიკურ პარამეტრებს (მაგ. დამსწრეთა რაოდენობა, ობიექტების რაოდენობა, მოედნის ზედაპირი) და სხვადასხვა გამოვლენილი ადგილის ფაქტობრივ საჭიროებებს.
-რამდენი რაგბის მოედანია ამჟამად საქართველოში?
-დღეის მდგომარეობით 3 უმაღლესი დონის ცენტრი, 13 სამწვრთნელო ბაზა და 27 რაგბის მოედანია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ეს პროგრამა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის უპრეცედენტო ინიციატივით დაიწყო. ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ”-ს მადლობას ვუცხადებთ 100 მილიონი აშშ დოლარზე მეტის ინვესტირებისთვის. ეს ძალისხმევა მსოფლიო რაგბიმ დააფასა და ბატონ ბიძინას 2014 წელს გადაეცა განვითარების სიგელი – გლობალურად, სპორტის ამ სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასების ნიშნად.
-რამდენად დიდი გავლენა ექნება ახალ მოედნებს საქართველოში რაგბის განვითარებაზე?
ახალი მოედნების გავლენა რაგბის განვითარებაზე მნიშვნელოვანი იქნება. რაგბი გუნდური სულისკვეთების და ინდივიდუალური ერთგულების, ფიზიკური და ინტელექტუალური, საბრძოლო სულისა და ტაქტიკური უნარების თამაშია. ყველა ეს თვისება ძალიან ახლოსაა ჩვენს ისტორიასთან და გენეტიკურ კოდთან.
ეს გაზრდილი ძალისხმევა და ჩვენი მჭიდრო კავშირი რაგბისთან დაგვეხმარება გლობალურად მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენაში. ჩვენი მოლოდინით ეს პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზრდის ბავშვებისა და ახალგაზრდების წვდომას სპორტულ ინფრასტრუქტურაზე, რაც მკვეთრად – სამმაგად – გაზრდის თამაშის სწავლის მსურველთა მაჩვენებლებს.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ინიციატივა და საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დადებით მაგალითად იქნება მიჩნეული სხვა ქვეყნების მიერ და მსგავსად განვითარდება რაგბი იქაც, თან ხელი შეეწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას ეროვნულ დონეზე.
-რაგბი პირველ ადგილას დგას სპორტულ სახეობებს შორის საქართველოში?
-ბევრი წარმატებული სპორტის სახეობაა საქართველოში, რაც დასტურდება წლევანდელი 8 ოლიმპიური მედლით. ეს უპრეცედენტო ოლიმპიური მონაგარია ასეთი პატარა ზომის ქვეყნისთვის.
თუმცა, მიგვაჩნია, რომ გუნდურ სახეობებს შორის, რაგბი ყველაზე წარმატებულია საქართველოში, რადგან 2003 წლიდან მოყოლებული ყველა მსოფლიო თასზე გვიასპარეზია.
-სხვა რა გეგმები გაქვთ რაგბის გასავითარებლად?
-მიმდინარე წლის მარტში ჩემი არჩევნების დღიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საქართველოში რაგბის გასავითარებლად. პირველი რეფორმა, რომელიც განვახორციელეთ, რაგბის კავშირის კანონქვემდებარე აქტების სრული განახლება იყო. ცვლილებები შევიტანეთ საბჭოს დაკომპლექტების წესებშიც. მასში ახლა დაბალანსებულად არის წარმოდგენილი წარმატებული რაგბი და ბიზნეს საზოგადოება, სახელმწიფო მოღვაწეები და ქართული რაგბის ვარსკვლავები, მაგ. მამუკა გორგოძე და დავით კაჭარავა. ახალი, პროფესიონალური საორგანიზაციო სტრუქტურა დავაწესეთ, რამდენიმე მნიშვნელოვან სასპონსორო ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ადგილობრივი ჩემპიონატის წესები და მარეგულირებელი ნორმები განვაახლეთ ტურნირების ხარისხის გასაზრდელად. მორაგბეების კეთილდღეობის სტანდარტი გავზარდეთ ახალი სადაზღვეო და სამედიცინო მომსახურების დანერგვით, რომელიც მთელი ადგილობრივი რაგბის საზოგადოებისთვის არის ხელმისაწვდომი.
ასევე, ჩამოვაყალიბეთ პირველი ქართული საფრანჩიზო გუნდი „შავი ლომი“ რომელიც რაგბის ევროპის სუპერ თასზე იასპარეზებს. ამჟამად ბევრს ვმუშაობთ პირველი რიგის ოპოზიციასთან მეტი თამაშის მისაღებად, რათა ჩვენი დონე გავზარდოთ და კონკურენტუნარიანი გავხდეთ. შემდეგი დიდი ნაბიჯები გულისხმობს რაგბის შეტანას ქვეყნის ყველა სკოლასა და უნივერსიტეტში. ვაპირებთ, რომ რაგბის მაღალი დონის უცხოელი სპეციალისტები მოვიწვიოთ ჩვენი მაღალი დონის პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ახალგაზრდული, სათემო და საუნივერსიტეტო რაგბის იდეის ხელშესაწყობად.
-რამდენად მნიშვნელოვანია ევროპის სუპერ თასისთვის შექმნილი „შავი ლომი“ საქართველოში რაგბის გასავითარებლად?
-“შავი ლომი“ ჩვენი მომავალი წარმატების ქვაკუთხედია ალბათ. მიგვაჩნია, რომ ეს გვაკლდა არსებულ სისტემაში. ეს გუნდი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მეტი მივიღოთ ჩვენი ეროვნული გუნდის მორაგბეებისგან ერთ გუნდში ყოფნით და თანმიმდევრულად მაღალ, კონკურენტულ დონეზე ვითამაშოთ.მისი არსებობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული რაგბისთვის, არამედ ევროპისა და მსოფლიო რაგბისთვის, რადგან ის საერთაშორისო დონეზე ისახავს მიზნად საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
-რა არის საქართველოს რაგბის კავშირის საბოლოო მიზანი?
-ამ გეგმების წარმატებით განხორციელების შემდეგ, სტაბილური პოზიცია გვექნება დაკავებული მსოფლიო რაგბის რეიტინგის პირველ ათეულში და შემდეგ ვინ იცის?