თემურ მღებრიშვილი: იმედია, ჩემი მოსახელე და მოგვარე არ შემარცხვენს
ედუარდ შევარდნაძის მთავრობის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ადმინისტრაციის დარგში თემურ მღებრიშვილი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშნული მისი მოსახელე და მოგვარე არ შეარცხვენს,-ამის შესახებ მღებრიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. თემურ მღებრიშვილი სეხნიას პირადად არ იცნობს, თუმცა მას მთელი გულით წარმატებებს უსურვებს. მღებრიშვილი დღეს პენსიაზე იმყოფება, როგორც თვითონ აღნიშნა, დღეს მშვიდად, „პა სტარიკოვსკი“ ცხოვრობს და აპირებს 183 წლამდე იცოცხლოს.
„არ ვიცნობ, მაგრამ იმედი მაქვს ჩემს სახელს და გვარს არ შეარცხვენს და კარგად გაართმევს თავს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. მე პენსიაზე წავედი, ჩემთვის ვმუშაობ, ერთ იურიდიულ ფირმაში თავს ვირთობ. წყნარად და კარგად ვარ. ვერთობი „პა სტარიკოვსკი“. მალე 70 წლის უნდა გავხდე, შევასრულებ, რაც ადრე ვთქვი და 183 წელი ვიცოცხლებ“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თემურ მღებრიშვილი დღეს წარადგინა. თემურ მღებრიშვილმა ამ თანამდებობაზე ანზორ ჩუბინიძე შეცვალა, რომელმაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრს 22 იანვარს მიმართა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე თემურ მღებრიშვილი შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. მას აღნიშნულ სტრუქტურაში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 18- წლიანი გამოცდილება გააჩნია.