სოფელ ჭიაურში ახალი სკოლის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებას იწყება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების შესრულების ვადად 6 თვეა განსაზღვრული. მომზადდება განმეორებადი პროექტის მოდელი, რომელიც სხვადასხვა რეგიონში გამოიყენება.

სკოლაში, პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს საკლასო ოთახები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სამასწავლებლო, სამედიცინო კაბინეტი და კვებისთვის განკუთვნილი სივრცე.

თანამედროვე სტანდარტების შენობაში განთავსდება, ასევე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახი, მუსიკის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცე, სამეცნიერო ლაბორატორია და ბიბლიოთეკა.

გარდა ამისა, ჭიაურის სკოლაში უნდა მოეწყოს, მრავალფუნქციური დარბაზი, გასახდელები, სპორტული დარბაზი და სათამაშო მოედანი, ეზოში კი დაგეგმილია ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალი სკოლა აღიჭურვება გადახურვის, უსაფრთხოების და ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით.

პროექტის მიხედვით, სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ენერგოეფექტური და ეკონომიური, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოვლა-პატრონობის ხარჯებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები