„ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება არ არის იმის გარანტია, რომ ვირუსის შემდეგი ტალღა არ გვექნება“ – გიორგი კამკამიძე

“მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს, ეს არ არის იმის გარანტია, რომ შემდეგი ტალღა არ გვექნება”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, პედიატრმა, კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორმა, გიორგი კამკამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კამკამიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.

„მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების ახალი შემთხვებების რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს, ეს არ არის იმის გარანტია, რომ ვირუსის შემდეგი ტალღა არ გვექნება. შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ის საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაიწყო, საკმაოდ ძნელად მიმდინარეობს, ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია. ეს კამპანია ათმაგად უნდა გაძლიერდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ გაცილებით უფრო მდგრადი, რეზისტენტული მოსახლეობა გვყავს, რომელთაც არ აქვთ საბოლოოდ გადაწყვეტილი, აიცრან თუ არა.

ახალი შემთხვევების თვალსაზრისით, ეს ცოტა ამოსუნთქვის პერიოდი ამ მიმართულებით მაქიმალურად უნდა იქნას გამოყენებეული.

ვირუსის შემდეგი ტალღა რეალურად ნოემბერ-დეკემბერშია შედარებით მოსალოდნელი. ეს უფრო დაკავშირებულია ტურიზმის ახალ ტალღასთან. იყო მოსაზრებები, რომ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ინფიცირების შემთხვევები გაიზრდებოდა. ჯერჯერობით, ასეთი ტენდენცია არაა, რაც განპირებებულია იმით, რომ სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.  წინ გველის სწავლის საკლასო ოთახებში განახლება და ტურიზმის ახალი სეზონი. რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ, მოსალოდნელია ვირუსის შემდეგი ტალღის აღმავლობა“, – განაცხადა კამკამიძემ.

მანვე ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.

„ვაქცინაციის პროცესის ტემპის შემცირება, ძირითადად, დაკავშირებულია იმასთან, რომ იმ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ფსიქოლოგიურად მზად იყო და ვაქცინაციას ელოდებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტულ ვაქცინას ელოდა, აიცრა. დღეს უკვე საქმე გვაქვს მოსახლეობის ისეთ ნაწილთან, რომელიც შედარებით რეზისტენტულია, არ ვსაუბრობ ანტივაქსერების ნაწილზე, რომელიც ყველა ქვეყანაში 10 %-ზე ნაკლებია და ჩვენთანაც განსხვავებულ სურათს ვერ ვხედავ. უბრალოდ, არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთანაც უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებული, რომ ვაქცინაცის პროცესი ეფექტიანად განხორციელდეს.
ყველაზე უფრო რაც შეშფოთებას იწვევს, ვაქცინაციის ასაკობრივი განაწილებაა. ახალგაზრდა ასაკში, 50 წლის ქვემოთ დაფარვა თითქმის 50 % და მეტია, როცა 75 წელზე ზემოთ მოსახლეობაში, რომელიც ყველაზე მეტად მოწყვლადია და მაღალი სიკვდილიანობაა, 6 %-ზე ნაკლებია. ეს ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის განხორციელების სისტემური პრობლემაა. მოსახლეობის ის ჯგუფები, რომელიც ვაქცინაციას ყველაზე მეტად საჭიროებენ, ვაქცინით ნაკლებად მოცულები და დაცულები არიან.

მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინით მოცვა დასახელებული იყო ვირუსის ორიგინალურ ვარიანტზე, მუტირებული ვარიანტები უფრო სწრაფად ვრცელდება და დღეს უკვე ეს 60 % შეიძლება, აღარც იყოს საკმარისი. თუმცა, აქ უნდა გავითვალისწიონოთ ისიც, რომ ჩვენთან ბუნებრივად გადატანილი ინფექციაც საკმაოდ მაღალი პროცენტია. დღეს განიხილება, რომ ვირუსის მიმართ იმუნური მოსახლეობის 80 % უნდა იყოს. ეს ჯანდაცვის სფეროს უფრო მეტად გვავალდებულებს. ეს უფრო ძნელი შესასრულებელია.
დიდი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მანიპულირება, როცა გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოში პანდემიის მართვის ყველაზე კარგი შედეგები გვაქვს და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. იმ სპციალისტების მიერ, რომლებიც ცოტა ღრმად აკეთებდნენ ანალიზს, თავიდანვე განგაშის ზარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ასე არ იყო. საბოლოოდ, მივიღეთ, რომ სიკვდილიანობის ჯამური მაჩვენებლი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გვაქვს. დღესაც იგივე სპეციალისტები ვამბობთ, რომ ვაქცინაციაში ასეთი ასაკობრივი გადანაწილება შემაშფოთებელია. ხვალ და ზეგ ამასთან დაკავშირებით დიდ პრობლემებს მივიღებთ“, – განაცხადა კამკამიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი. დღიურად აცრის მაჩვენებელი 11 421 -ია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები