რა შეიძლება, მოჰყვეს იმუნიზაციის ტემპის შემცირებას და როდისთვის მოახერხებს საქართველო პანდემიის კონტროლს – ივანე ჩხაიძის განმარტება

რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს იმუნიზაციის ტემპის შემცირებას და როდისთვის მოახერხებს საქართველო პანდემიის კონტროლს – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ- ის პროფესორი, ივანე ჩხაიძე აკეთებს.

როგორც ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ დღეში 20 000 ადამიანის ვაქცინაციის შემთხვევაში, საქართველო პანდემიის კონტროლს დეკემბრის ბოლოს მოახერხებდა, ახლა, ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო, ეს ვადა გაზაფხულამდე გადაიწევს.

ივანე ჩხაიძის თქმით, ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვალებულთა რაოდენობის საკმაოდ მაღალ ნიშნულებზე შენარჩუნება მოჰყვება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება, მოჰყვეს იმუნიზაციის ტემპის შემცირებას, პრაქტიკულად, განახევრებას, ამის ანალიზი რამდენიმე მიმართულებითაა შესაძლებელი. ყველაზე ძირითადი მიმართულებაა ის, თუ რას მოგვცემს ეს კორონავირუსის პანდემიის საქართველოში კონტროლის თვალსაზრისით. სექტემბრის დასაწყისში გვქონდა კონკრეტული რიცხვი, რომლის შემთხვევაშიც წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაცია იყო შესაძლებელი, ეს რიცხვი იყო დღის განმავლობაში 20 000 ადამიანის ვაქცინაცია. სამი თვე იყო დარჩენილი წლის ბოლომდე და იმედი გვქონდა, რომ ამ პრობლემას მოვაგარებდით. ახლა, დღეში 10 000 ვაქცინირებულის შემთხვევაში, ეს პერიოდი 6-7 თვის ვადით გადაიწევს. შესაბამისად, გვქონდა იმედი, რომ დეკემბრის ბოლოს საქართველო პანდემიის კონტროლს მოახერხებდა, რის უკანაც ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი შემცირება, გარდაცვალების შემთხვევების მკვეთრი შემცირება დგას. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს მიზანი დეკემბრის ბოლოსთვის მიიღწეოდა, ახლა უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპის შემთხვევაში ეს აპრილ-მაისში იქნება. თუ ეს ტემპი კიდევ შემცირდება, მაშინ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანას მთელი 2022 წელი დასჭირდება იმისათვის, რომ პანდემიის კონტროლს მიაღწიოს. პირველ ყოვლისა, ეს გვაძლევს ამ ვადის სერიოზულად გადაწევას 4-5-6 თვის განმავლობაში, ან იმის მიხედვით, როგორი იქნება მომდევნო დღეებში იმუნიზაციის ტემპი, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტი დროც იყოს.

მეორე შედეგი, რაც შეიძლება, ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებლს მოჰყვეს, ეს არის ინფიცირებულთა რაოდენობისა და, სამწუხაროდ, გარდაცვალებულთა რაოდენობისის საკმაოდ მაღალ ნიშნულებზე შენარჩუნება. ჩვენი ქვეყნისთვის 1500 – 2000 ინფიცირებული მაღალი ნიშნულია, 20-დან 30-მდე გარდაცვლილიც ძალიან მაღალი ნიშნულია. თუ ვახერხებთ მოსახლეობის 60 %-ის ვაქცინაციას, ვახერხებთ ინფიცირებულთა და გარდაცვალებულთა რაოდენობის შემცირებასაც, თუ ვერ მივაღწიეთ ამ მიზანს, მაშინ უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველოში ჰოსპიტალიზაციის დიდი პროცენტი, გარდაცვალების შემთხვევები, კიდევ დიდხანს იქნება, რაც ძალიან მძიმე დასკვნაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყნისთვის მძიმე ტვირთი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება.

„ვაქცინების არსებობის შემთხვევაში, იმუნიზაციის ცენტრების საკმაო რაოდენობის შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობის ფონზე, ვერ მოვახერხეთ, რომ მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია, რომ მოსახლეობას გაეგო: სხვა არჩევანი არ აქვთ. მარტივი არჩევანი გვაქვს: ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს რიცხვები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იქნება.

თუ ამ კვირის განმავლობაში ისევ დავრჩით 10-15 ათასი ვაქცინირებულების მაჩვენებელზე და ეს რიცხვი 20 000 -მდე ვერ ავწიეთ, მაშინ მოგვიწევს შეგუება, ჩვენი მეზობელი ქვეყნები გამოცხადებენ, რომ იქ პანდემია დამთავრდა, ჩვენ ვიქნებით მოლოდინში, როდის მივაღწევთ მილიონ 691 ათასი ადამიანის ვაქცინაციას, იმ პირობებში, თუ ვაქცინირებულების რაოდენობა ყოველდღიურად 7-8 ათასი იქნება. ჩვენ კონკრეტული რიცხვი გვაქვს დარჩენილი, 1 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიის კონტროლი შევძლოთ. ეს ძალიან დიდი რიცხვია. თუ შევხედავთ, რომ წლის ბოლოდე დარჩენილია 3 თვე, ამ დროში 1 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია უკვე, შეიძლება ითქვას, რომ, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ეროვნული გეგმის მიზანზე, მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია არის ის გეგმა, რომელიც ვირუსის ჩინური ვარიანტის საწინააღმდეგოდ შეიქმნა. თუმცა, ეს 60%-იანი ზღვარი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის მინიმალური იყო, სრულებით შევცალა „დელტა“ ვარიანტმა. მინიმალური ზღვარი, რომელსაც დღეს „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ განიხილავს იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემია დაასრულოს, ეს არის სწორედ 80%. პანდემიის კონტროლი ნიშნავს, რომ 60%-იანი ვაქცინაციის მოცვის პირობებში ვირუსის გავრცელება, ინფიცირების მაჩვენებელი, ლეტალობის მაჩვენებელი მინიმალურია. 80%-ის შემთხვევაში, პანდემია აღარ არის ქვეყანაში, როგორც პრობლემა. ამიტომ, პირველი ზღურბლი გვაქვს გადასალახავი. პირველიც ვერ გადავლახეთ, აქ 80%-ზე საუბარი არ არის. ეს ძალიან სერიოზული მიზანია. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ 80%-იანი მოცვა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა. 60%-ის იმედი გვქონდა. ამიტომ, ჩვენ კონტროლზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი. დღიურად აცრის მაჩვენებელი 11 421 -ია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები