„ვანო მერაბიშვილის ბრძანება მომიტინგეთა მასობრივ დაკავების შესახებ უკანონო იყო”

   26 მაისის აღლუმისთვის რუსთაველის გამზირი უნდა გაწმენდილიყო და ამ მიზნით უნდა დაეკავებინათ მაქსიმალურად მეტი მომიტინგე. ეს ჩვენება სასამართლოს ბრალდების მხარის მოწმემ სვიმონ ქარჩაიძემ მისცა. ქარჩაიძე ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ქარჩაიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის ბრძანება მომიტინგეთა მასობრივ დაკავების შესახებ უკანონო იყო. მისივე ინფორმაციით, 26 მაისის აქციაზე ჯამში 800-მდე ადამიანი დააკავეს. როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, დაკავების შესახებ ბრძანება 2011 წლის26 მაისის აქციის დაშლამდე გამართულ თათბირზე მინისტრისგან მისმა მოადგილეებმა გია ლორთქიფანიძემ და შალვა ჯანაშვილმა მიიღეს. ქარჩაიძე სწორედ ამ თათბირის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ქარჩაიძემ დაკითხვისას აღნიშნა, რომ წერილობითი გეგმის მიხედვით რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას უნდა ჩაკეტილიყო ორი ქუჩა და გასასვლელები უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ადგილზე გეგმა არ შესრულდა. კონსტიტუციური უსაფრთხოების ქვედანაყოფი ადგილიდან დაიძრა და ხალხის ცემა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 26 მაისის აქციის ეპიზოდზე ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. დღესვე ბრალდების მხარის კიდევ სამი მოწმის დაკითხვა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები