„ვაზაგაშვილის საქმე ქვეყნის შიგნით უნდა იქნას გამოძებული!“

   იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზურაბ ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის ობიექტურად გამოძიებაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ქვეყანამ თავიდან უნდა აიცილოს სამართლებრივი სკანდალი და ვაზაგაშვილის საქმე მიუკერძოებლად, ქვეყნის შიგნით უნდა იქნას გამოძიებული. წულუკიანის განცხადებით, საქმეში წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა მოხდა. „ვაზაგაშვილის საქმე როგორც იცით, სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული. სტრასბურგის სასამართლოში ამ საქმეზე მხარეები არიან ბატონი იური ვაზაგაშვილი და მისი ოჯახი, მეორე მხარეა – სახელმწიფო. სახელმწიფოს კი მე წარმოვადგენ და მე არ მინდა, მომიწიოს სტრასბურგის სასამართლოში თავის მართლება იმაზე, რაზეც თავი არ არის სამართლებელი. რეალურად, მომხდარია სიცოცხლის უფლების დარღვევა წინა ხელისუფლების პირობებში და იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო მნიშვნელობის სამართლებრივი სკანდალი, აუცილებელია, ეს საქმე დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად იქნას გამოძიებული ქვეყნის შიგნით”, – განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილის მამამ იური ვაზაგაშვილმა ახალ მთავარ პროკურორსა და შს მინისტრს მიმართა – მისი შვილის მკვლელობის თანამონაწილეები გადააყენონ თანამდებობიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები