„აქ ბიზნესზე ზეწოლას ნამდვილად აქვს ადგილი“ – ჭარაია კომპანია „ალმას“ ბილბორდების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე
“ჩემი აზრით, აქ ბიზნესზე ზეწოლას ნამდვილად აქვს ადგილი”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ვახტანგ ჭარაიამ სარეკლამო კომპანია „ალმას“ ბილბორდების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წარსულს უნდა ჩაბარდეს დრო, როცა ბიზნესს ატერორებდნენ.
„ჩემი აზრით, აქ ბიზნესზე ზეწოლას ნამდვილად აქვს ადგილი. ის დრო, როცა ბიზნესს აბულინგებდნენ და ატერორებდნენ, წარსულს უნდა ჩაბარდეს. ამასთანავე, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ამ ბილბორდების შინაარსი შეიძლება, გარკვეულწილად, გამაღიზიანებელი იყოს და არც მე მომწონს, მაგრამ იქ დატანილი ინფორმაცია კანონდარღვევა არაა, არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომლის გამოც ჩვენ ბიზნესზე შეიძლება, ზეწოლა მოვახდინოთ. ჩემი არმოწონება არ ნიშნავს იმას, რომ ბინზნესს უნდა ვუკარნახო, თუ რა ინფორმაცია განათავსოს მის ბანერზე და რა – არა. ბიზნეოპერაციის დროს ეს უშუალოდ მყიდველისა და გამყიდველის გადაწყვეტილებაა. მათ ურთიერთობაში ჩარევა ბიზნესში ჩარევაა“, – განაცხადა ჭარაიამ.
ცნობისთვის, სარეკლამო კომპანია „ალმას“ ბილბორდებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები გამოფინეს. “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ – წერია ბილბორდებზე, რომელსაც ფონად „სისხლის ლაქები“ აქვს. ბილბორდებზე გამოსახულები არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები: ნიკა მელია, გიგა ბოკერია, გუბაზ სანიკიძე, ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ დირექტორი – ნიკა გვარამია და „TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი – ნოდარ მელაძე.
აღნიშნულ ბილბორდებს ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
კომპანია „ალმამ“ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ბოლო ორი დღის მანძილზე ჩვენი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე განთავსებულმა კონკრეტულმა სარეკლამო ბანერებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, გააჩინა გარკვეული კითხვები ჩვენი კომპანიის მიმართ. საკითხში სრული სიცხადის შეტანის მიზნით, ვაცხადებთ შემდეგს:
კომპანია “ალმა” ორ ათეულ წელზე მეტია, დამკვეთებისგან, რომელთაც სურვილი აქვთ, აწარმოონ სხვადასხვა შინაარსის სარეკლამო კამპანია, იღებს და ანთავსებს სარეკლამო ბანერებს კომპანიის კუთვნილ სარეკლამო კონსტრუქციებზე. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, და ეს იცის ჩვენმა ყველა დამკვეთმა, რომ “ალმას” არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან თუ სხვა. “ალმა” ახდენს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე, ანუ კონსტრუქციებზე არსებული ფართის გაყიდვას/გაქირავებას.
ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ “ალმამ” დამკვეთისგან მიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე.
ამას გარდა, ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.