მუხრანში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების”, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კოორდინებული მუშაობის შედეგად, სოფელ მუხრანში, საჯარო სკოლის სპორტდარბაზში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა.

ადგილზე უსაფრთხო იმუნიზაციისათვის ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით, ამასთან, ყველა მათგანს წინასწარ გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები. ფუნქციონირებს შოკის ოთახიც.

აღსანიშნავია, რომ მუხრანის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცრა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით “სინოფარმითა” და “სინოვაკით” იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეებს 2 ამცრელი ბრიგადა კვირაში 3 დღის განმავლობაში (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მოემსახურება.

მასობრივი იმუნიზაციის ახლადგახსნილ ცენტრში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე. მხარის პირველმა პირმა ვაქცინაციის პროცესში მხარდაჭერისათვის შესაბამის უწყებებს მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ამცრელი დაწესებულებების დამატება აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი უკვე გაიხსნა სოფელ მუხრანში, სადაც ამიერიდან, მოსახლეობას აცრა კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში შეეძლება. მოგეხსენებათ, რომ მუხრანი, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ვაქცინაცია საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩაიტარონ.

ამასთან, მინდა, მხარდაჭერისათვის დიდი მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მათ საშუალება მოგვცეს, რომ ასაცრელ პუნქტად დროებით საჯარო სკოლის სპორტდარბაზის სივრცე გამოგვეყენებინა. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რადგანაც ვაქცინაციის აღნიშნული ცენტრის გახსნა მათი დიდი დამსახურებაა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს დახმარებისათვის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ასე აქტიურად გაგრძელდება,” – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

მუხრანის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მხარის პირველ პირთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე – კახა მამულაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ცნობისათვის, ვაქცინაციის პუნქტი მუხრანის საჯარო სკოლის მეორე კორპუსის სპორტულ დარბაზში განთავსებული იქნება, ვიდრე სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში აღდგება, ხოლო შემდეგ ამცრელი დაწესებულება მუხრანის კულტურის სახლში მოეწყობა.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები