გივი მიქანაძე: არჩევნებზე რეგისტრირებული 15 ადგილობრივი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიეწოდება
“პარტიის ოფისში დღეს, ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაცია პრეზენტაციასთან ერთად თარგმნის პროცესშია და უახლოეს საათებში მიეწოდება როგორც საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა არჩევნებზე რეგისტრირებულ 15 ადგილობრივ ორგანიზაციას, გაასაჯაროოს დაფინანსების წყაროები. საუბრისას მიქანაძემ ასევე გასულ წელს განხორციელებული ანალოგიური კვლევის შედეგები გაიხსენა. განაცხადა, რომ, აღნიშნულის მიუხედავად, არასამთავრობო სექტორი ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობით არ დაინტერესებულა.
„კითხვის ნიშნები ისმის სად? როდესაც ჩვენ შარშან გავაკეთეთ ანალოგიური ბრიფინგი და 32 ორგანიზაციის კონკრეტული მტკიცებულებებით მხილება მოვახდინეთ, არასამთავრობო სექტორი არ დაინტერესებულა ამ ორგანიზაციების საქმიანობით. არ დაინტერესებულა იმით, რამდენად გამჭვირვალეა ის ფინანსები, რომლითაც ეს ორგანიზაციები საქმიანობდნენ.
დღევანდელი ბრიფინგის შედეგად, ჩვენ ვნახეთ, რომ 2020 წლის განმავლობაში 15 ორგანიზაციიდან 14-მა სადამკვირვებლო მისია განახორციელა და მათ 10 ათასამდე დამკვირვებელი ჰყავდათ, რაც დამკვირვებელთა საერთო რაოდენობის 21%-ია. ეს ძალიან დიდი რიცხვია 14 ორგანიზაციისთვის, მაგრამ არანაირად არ არის ცნობილი, თუ რა დაფინანსების საფუძველზე და როგორ განახორციელეს“, – განაცხადა მიქანაძემ.
გივი მიქანაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნებზე რეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაციებიდან 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 კი – „ევროპულ საქართველოსთან“.