ქეთი კოვზიაშვილი: ყვარელში არც ერთი მძევალი არ არის ბანკის შენობაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, პოლიცია მუშაობს აქტიურად, რომ სპეცოპერაცია წარმატებულად და მშვიდობიანად დასრულდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ყვარელში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მედიასთან დეტალურად ისაუბრა. როგორც ქეთი კოვზიაშვილმა ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ბანკის შენობაში არც ერთი მძევალი აღარ არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

“პირველ რიგში შემიძლია დავადასტურო, რომ ყველა მძევალი არის თავისუფალი. შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცველებმა დაიწყეს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები. როგორც ხედავთ ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება.

ძალიან დიდი მადლობა მედიის წარმომადგენლებს რომ გვეთანამშრომლებით.

ყველა დეტალზე ამ ეტაპზე არ შემიძლია ვისაუბრო, შემიძლია მხოლოდ დაგიდასტუროთ, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს რამდენიმე მუხლით.

შეიარაღებასთან დაკავშირებით უკვე განვაცხადეთ, რომ ეს პირი არის შეიარაღებული. რა თქმა უნდა იყო, მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება თქვენთვის არ შემიძლია, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მიმდინარეობს პირის იდენტიფიცირებაც.

გაგიმეორებთ, რომ ამ ეტაპზე არც ერთი მძევალი არ არის ბანკის შენობაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მუშაობენ აქტიურად იმისთვის რომ დასრულდეს სპეცოპერაცია წარმატებულად და მშვიდობიანად, დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ,” – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები