საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ ''WALL STREET JOURNAL''-თან

საქართველო ევროპულ კურსს არ გადაუხვევს, პირობას დებს პრემიერ-მინისტრი – ამ სათაურით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს “THE WALL STREET JOURNALI“ აქვეყნებს. THE WALL STREET JOURNALI“-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს თარგმანს, რომელსაც პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს, “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
საქართველო ევროპულ კურსს არ გადაუხვევს, პირობას დებს პრემიერ-მინისტრი
”ქვეყანა ხელს მოაწერს ასოცირების შეთანხმებას, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა”

ნაფტალი ბენდავიდი

ბრიუსელი – მას შემდეგ, რაც უკრაინამ ევროპისკენ სავალ გზას გადაუხვია და ამით იქ არსებული არეულობა გამოიწვია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰპირდება ევროკავშირის ლიდერებს, რომ საქართველო არ გადაუხვევს ევროპულ კურსს.
საქართველო, მოლდოვასთან ერთად, ემზადება ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს სავაჭრო და პოლიტიკურ შეთანმებას ევროკავშირთან, ამასვე მოელოდნენ წელს უკრაინისა და სომხეთისგანაც. ნაწილობრივ იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ რუსეთის ზეწოლა, რომელმაც უკრაინისა და სომხეთის მოლაპარაკებები ჩააგდო, ევროკავშირისა და საქართველოს ლიდერებმა დააჩქარეს მოვლენები და რაც შეიძლება მალე, აგვისტოში გეგმავენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას.
„საქართველოს ევროპული არჩევანი და საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია უკვე შეუქცევადია,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს ინტერვიუში, ბრიუსელში. „ჩვენ არა მარტო ვგეგმავთ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, არამედ ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა.“
უკრაინა და სომხეთიც ასეთივე დაპირებებს იძლეოდნენ, სანამ მათ რუსული ზეწოლა კურსის შეცვლას არ აუძლებდა. ზოგიერთები ევროკავშირში ფიქრობენ, რომ საქართველოც შეიძლება აღმოჩნდეს იგივე ზეწოლის პირისპირ, რაც სოჭის ოლიმპიურ თამაშებს მოყვება 6-23 თებერვალს, როდესაც რუსეთს ნაკლები საჭიროება ექნება იზრუნოს თავის საერთაშორისო იმიჯზე.
საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარების გასაწევად, ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ ივნისში, ბრიუსელში მოიწვიონ ინვესტორების კონფერენცია ბიზნესის დაინტერესების მიზნით, რათა მათ ამ ქვეყანაში ფული ჩადონ. თავის მხრივ, საქართველომ ინვესტიციების ხელშესაწყობად ორი ფონდი შექმნა.
ამის გარდა, ბატონი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთს გაცილებით ნაკლები ბერკეტი აქვს მისი ქვეყნის წინააღმდეგ, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ. მაგალითად, სავაჭრო ზომები, რომელიც უკრაინის მიმართ გამოიყენა. რუსეთი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს და საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები ჯერ კიდევ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსეთმა სულ ახლახანს შეასუსტა საქართელოს წინააღმდეგ დაწეასებული სავაჭრო ემბარგო.
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მოსკოვი მეტს ვერ გააკეთებს. „რუსეთს არა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს წინააღმდეგ,“ – თქვა მან.
ფსონები ევროპასა და საქართველოსთვის ბოლო თვეებში გაიზარდა. სულ ახლახანს, შარშან ზაფხულში, ევროკავშირს იმედი ჰქონდა, რომ ოთხი აღმოსავლელი მეზობელი ხელს მოაწერდა შეთანხმებას, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირებისთვის. თუმცა, სომხეთმა სექტემბერში, ხოლო უკრაინამ ნოემბერში განაცხადეს, რომ ისინი საერთოდ არ მოაწერენ ხელს, რამაც დარტყმა მიაყენა ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სტრატეგიას.
უკრაინაში მიმდინარე პროცესები გვიჩვენებს, რამდენად მგრძნობიარეა ეროვნული გადაწყვეტილებები – შეუერთდეს ევროკავშირს თუ რუსეთს. საქართველოსა და მოლდოვას გადაწყვეტილებები, უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს, საშუალებას აძლევს მას [ევროკავშირს], განაცხადოს გარკვეული წარმატებების შესახებ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობებში.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ლიდერები სიფრთხილეს იჩენენ, რათა არ დარჩეს იმის შთაბეჭდილება, თითქოს ისინი საქართველოსგან ნაკლებს მოითხოვენ ევროინტეგრაციის გზის გასაადვილებლად. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოში ჩატარებული ბოლო ორი არჩევნები და მოუწოდებენ ქვეყანას, გააგრძელოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესების პროცესი.
როგორც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს, ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ აღნიშნა, მან მოუწოდა ბატონ ღარიბაშვილს „განაგრძოს ყურადღების გამახვილება პოლიტიკურ პლურალიზმსა და მედიის თავისუფლებაზე.“
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ასევე გააფრთხილეს საქართველო, არ განახორციელონ შერჩევითი სამართალი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე კორუფციასა და სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით. ბატონმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ არსებობს შერჩევითი სამართალი მის ქვეყანაში, მაგრამ პასუხი უნდა გაეცეს ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილი დარღვევების ბრალდებებს.
ბატონი ღარიბაშვილი 31 წლისაა, პრემიერ-მინისტრი გახდა გასული წლის ნოემბერში, როდესაც მისი მენტორი, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი სურვილით გადადგა. ამავე დროს, საკონსტიტუციო ცვლილებებით ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე გადავიდა.
ბატონმა ივანიშვილმა უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ მას უნდა საქართველო გაათავისუფლოს მესიის მაგვარი სტილის პოლიტიკოსებისგან, -პოლიტიკაში ძლიერი ფიგურები დომინირებენ.
თუმცა კრიტიკოსებს უჩნდებათ კითხვა, აქვს თუ არა მის რჩეულს, ახალგაზრდა ბატონ ღარიბაშვილს, რომელიც უმაღლესი პოსტის მიღებამდე, მთავრობაში სულ ერთი წლის წინ მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრად, შესაბამისი გამოცდილება, რომ მართოს ქვეყანა.
ბატონმა ღარიბაშვილმა კრიტიკა უარყო სამშაბათს. „საქმე ის არ არის, იყო ახალგაზრდა, 31 წლის, მნიშვნელოვანია საქმე, რომელსაც ვაკეთებთ და შედეგები, რომელსაც ვიღებთ,“ – განაცხადა მან. „მაშ, მოდით ვიმსჯელოთ ადამიანზე მისი საქმიანობის, მისი ქმედებების მიხედვით.“
მან ასევე უარყო, რომ ბატონი ივანიშვილი ჯერ ისევ ძალაა, ფარდის უკან.
„მე ვმართავ ქვეყანას,“ – თქვა მან. „თუ შემეკითხებით, ვეკითხები თუ არა რჩევას – დიახ. როდესაც მე რჩევა მჭირდება, მე ვეკითხები მას. თუმცა რჩევებს ასევე ვისმენ სხვა ექსპერტებისგანაც, სხვა მრჩევლებისგანაც.“

ორიგინალი: http://online.wsj.com/news/articles/SB10001424052702304851104579362881841002054?mg=reno64-wsj&url=http%3A%2F%2Fonline.wsj.com%2Farticle%2FSB10001424052702304851104579362881841002054.html

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები