მევლუდ მელაძე: საგზაო შემთხვევების უმრავლესობა უცოდინარობის ბრალია

,,საგზაო შემთხვევების უმრავლესობა უცოდინარობის ბრალია და კანონის გამკაცრებით, ანუ საჯარიმო სანქციების გამკაცრებით, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით”,- ამის შესახებ ქართველი ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ცოდნა სჭირდება ყველას, ვისაც ავტომობილი ჰყავს და ვისაც არ ჰყავს იმასაც.

,,მაშინ უნდა იყოს კონკრეტულ დანაშაულზე, საგზაო დარღვევაზე პატიმრობა, თუნდაც 15-დღიანი სასჯელი. სხვა შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარი იქნება, 200, 500 თუ 10, იმდენად არ შეცვლის ვითარებას. რა საჯარიმო სანქციაც არ უნდა მოამატო, თუ მანქანის მართვისა და მოძრაობის წესების უცოდინარი ვარ, გამუდმებით დავუშვებ შეცდომებს. ჩვენთან ნულის ტოლია სწავლების სტანდარტი: უნდა იყოს 15, 20 გაკვეთილი თუ 30, ან მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კვალიფიკაცია თუ არა, ლიცენზია. ავტომობილის მართვას ასწავლის ისეთი ხალხი, რომელსაც შეიძლება თვითონაც არაფერი უსწავლია, უბრალოდ, ავტოსკოლის გახსნა გადაწყვიტა და მოქალაქეს ასწავლის იმდენს, რომ როგორმე გამოცდა ჩააბაროს. ამ ტრაგედიების დასრულება თუ გვინდა, ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები.

ცოდნის შეძენა უნდა იწყებოდეს საბავშვო ბაღიდან, მერე სკოლაში უნდა გაღრმავდეს. მძღოლის პატარა შეცდომაც კი სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. ამიტომ მანქანის მართვის მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს. ჩვენ უცოდინარი მძღოლები გვყავს, არადა, როცა მართვის მოწმობას გასცემ, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ პირი მზად არის ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვისთვის. შეგნება ცოდნით მოდის. საამისოდ უნდა იმუშაონ განათლების, ეკონომიკისა და შს სამინისტროებმა, რათა სახიფათო საგზაო მოძრაობა უსაფრთხოდ ვაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ გზებზე ყველგან კამერებია, სიჩქარეების შეზღუდვაა, ტექდათვალიერება და ა.შ., ამ პრობლემის აღმოფხვრას გრძელვადიანი დაგეგმვა უნდა, მერე შესრულება და შედეგი წლების შემდეგ იქნება. ახლავე რომ დავიწყოთ მუშაობა, 15 წლის შემდეგ მივიღებთ შედეგს. აბსოლუტურად ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილეა რაიმე ფორმით: ზოგი ფეხით დადის, ზოგი ავტომობილით, ზოგი მოტოციკლით. ცოდნა სჭირდება ყველას, ვისაც ავტომობილი ჰყავს და ვისაც არა ჰყავს იმასაც. დაამატეს კამერები, გაზარდეს ჯარიმები, ერთხელ, ორჯერ, 27-ჯერ, მაგრამ მაინც არ უმჯობესდება სტატისტიკა, პირიქით, უარესდება. ამიტომ უნდა დავიწყოთ განათლება – საბავშვო ბაღიდანვე უნდა იცოდნენ ბავშვებმა, რას ნიშნავს წითელი, ყვითელი, როგორ შეიძლება გადასვლა გზაზე…

ავარიის შემდგომი სიღრმისეული კვლევები არა გვაქვს. თუ გახსოვთ, როცა ტექინსპექტირების საკითხი აქტუალური გახდა, სულ ვითხოვდი, მაჩვენეთ სტატისტიკა, რატომ არის საჭირო ტექინსპექტირება, ამ მიზეზით რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო-მეთქი. თუ არა გაქვს სტატისტიკა, მაშინ საიდან ამბობ, რომ ავარიების მიზეზი მანქანების ტექნიკური გაუმართაობაა. არ არის სტატისტიკა, კონკრეტული ავარიის დროს მსუბუქი ავტომობილი იყო, მოტოციკლეტი თუ ვინ მოყვა საგზაო შემთხვევაში და ვის რა ბრალეულობა ჰქონდა. მოპედებისა და ავტომობილების “თანაცხოვრების” პრობლემა ნამდვილად დგას და ისევ სწავლებამდე მივდივართ. როცა მართვის მოწმობაზე აბარებენ, არც ერთი პუნქტი არ არის, სადაც აქცენტები კეთდება მოტოციკლეტზე, მოპედზე. ბილეთებში არის ჩანახატი, სადაც მოტოციკლეტიც გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ ეს მხოლოდ ბილეთებშია, პრაქტიკულ ნაწილში მსგავსი რამ არ არის. მოტოციკლეტები და მოპედები აქამდე არ ყოფილა საგზაო მოძრაობაში ასეთი აქტიური ეს გზების გადატვირთულობამაც მოიტანა.

ამიტომაც ვამბობ, რომ უმთავრესია განათლება, რაშიც მოპედების მძღოლებსაც ვგულისხმობ. გაძვრა, გაატარა და მორჩა, – ასე არ არის. ყველამ სიღრმისეულად უნდა იცოდეს საგზაო უსაფრთხოების წესები. მაგალითად, ქალაქის პირობებში გამოცდა რომ შემოიღეს, იმაზე კი არ არის გათვლილი, რომ გამომცდელმა შეამოწმოს, იცის თუ არა პირმა მანქანის მართვა და იმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. არა, უყურებენ, სენსორმა რა დარღვევა დააფიქსირა. აი, აქ 62-ით თუ მიდიხარ, უკვე ჯარიმა გეკუთვნის, ანუ ვეღარ ჩააბარე… ეს არასწორია. ავტომობილის მართვა პროცესია, მძღოლმა თვითონ უნდა გათვალოს უსაფრთხოება. უცოდინარი მძღოლები გვყავს და ამის შედეგია ეს მძიმე სტატისტიკაც. სხვათა შორის ქვეითთა სტატისტიკაც არ არსებობს. ქვეითსაც ისევე სჭირდება ცოდნა, როგორც მძღოლებს. სტატისტიკას თუ გადახედავთ, ბევრი სწორედ ამის გამო იღუპება”,- აცხადებს მელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები