შალვა პაპუაშვილი: ეს არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი – არ დაგმეს ლაზარე გრიგორიადისის დანაშაული, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და მივიღეთ ათი იმდენი „მოლოტოვის კოქტეილი“

„ეს არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი – არ დაგმეს ლაზარე გრიგორიადისის დანაშაული, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და მივიღეთ ათი იმდენი „მოლოტოვის კოქტეილი“; არ დაგმეს ათი „მოლოტოვის კოქტეილი“ – მივიღეთ პარლამენტის დაწვის მცდელობა; არ დაგმეს პარლამენტის დაწვის მცდელობა – მივიღეთ პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი, – ამ ყველაფერში არის ბრიუსელის პირდაპირი ბრალი, რომ ის არ ემიჯნება და არ გმობს მის მიერვე დაფინანსებული ადამიანების ძალადობას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„ის, ვინც ძალადობაში მონაწილეობას იღებდა, მისი დაფინანსებული ხალხი იყო. აღიარებული აქვს „ენჯეოებს“ – „ისფედის“ დღევანდელმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ მათ ევროკავშირის ფულით იყიდეს აღჭურვილობა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და დაურიგეს აქციის მონაწილეებს.

ამიტომ არის, რომ ვერსად ვერ მოისმენთ განცხადებას ევროკავშირის ელჩისგან, რომელიც იტყვის, რომ 4 ოქტომბრის თავდასხმა მიუღებელია, პარლამენტის დაწვა მიუღებელია, – რადგან რა მომენტშიც ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, მივარდნა ბავშვებიან პარლამენტის წევრ ქალთან და მისთვის ფაშისტური სლოგანების ყიჟინი, – რა მომენტშიც ამას იტყვის ევროკავშირის ელჩი, რომელიც გახლავთ ამ მოძალადე, ტვინგამორეცხილი ჯგუფებისთვის მორალური ავტორიტეტი, იმ მომენტში მათ ექნებათ ბარიერი, რომ მათ კიდევ ერთხელ ჩაიდინონ ამგვარი ქცევა. ამიტომაც არ გმობს ევროკავშირის ელჩი და ბრიუსელის ბიუროკრატია ამ ძალადობას, რომ არ შეწყვიტონ ის ძალადობრივი ჯაჭვი, რომელშიც შეიყვანეს ადამიანების ეს ჯგუფი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები