შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, ვისაც ეჭვი აქვს, ეს ის მცირე ჯგუფია, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს – რომლებსაც აჯერებენ, რომ თუთიყუშს ბუმბული გასძვრა იმის გამო, რომ I მსოფლიო ომის ქიმიური იარაღით მოწამლეს
უპირველეს ყოვლისა, არანაირი ეჭვი არ არსებობს საზოგადოებაში, ვისაც ეჭვი აქვს, ეს არის იმ ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს, მათ შორის, ბრიუსელიდან პირდაპირი პროპაგანდით და დეზინფორმაციით და აჯერებენ, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ადამიანებს აჯერებენ ყველაფერს, რასაც უნდათ. მისი თქმით, ეს არის პიბრიდული ომის მეთოდები.
„ამ რწმენით რომ არიან ადამიანები და ეს ადამიანები ტელევიზიებში დადიან და არც ერიდებათ ამაზე საუბარი, ეს ხომ აჩვენებს, თუ რა კატასტროფულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, როცა იმ ჯგუფზე ვსაუბრობთ, რომელსაც პირდაპირ ტვინი აქვს გამორეცხილი. ეტყვიან, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული – დაიჯერებენ, ეტყვიან მეორეს, მესამეს, ყველაფერს დააჯერებენ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ჰიბრიდული ოპერაციის ერთ-ერთი ფრაგმენტი და ზოგადად ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი გარკვეულწილად, როდესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთმა ევროპულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იმდენად გამოურეცხა ამ მოწყვლად ადამიანთა ჯგუფს ტვინი, რომ ყველაფერს აჯერებენ.
შეგახსენებთ უბრალოდ რომ გვესმოდეს, რა ტიპის მოწყვლად ჯგუფთან გვაქვს საქმე: ომი რომ დაიწყო უკრაინაში, ელანდებოდათ კედლებზე და მიწისქვეშა გადასასვლელებზე რაღაც ნიშნები, რომლებზეც აღმოჩნდა კატის ნახატი, გამოსახულება და ამბობდნენ, რომ ეს იყო აღნიშვნა თუ როგორ უნდა დაებომბა რუსეთს და ა.შ. რაღაც სპეც. ჯგუფი მოქმედებდა საქართველოში. ამ ადამიანებს დააჯერეს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღის გამოყენება. დააჯერეს, რომ სააკაშვილს დემენცია ჰქონდა და შემდეგ დააჯერეს, რომ დემენციისგან განიკურნა მსოფლიოში პირველად ადამიანი. აი სწორედ ამას აკეთებს დღეს ბრიუსელი, აი ეს არის ყველაზე საშინელება დღეს, რომ ჩვეულებრივი ადამიანებს ტვინს ურეცხავენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.