ამირან გამყრელიძე: ბოლო 2 კვირის მონაცემებით, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის რიცხვით, პირველ სამეულში ვართ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის მონაცემებით საქართველო 100 000 მოსახლეზე ინფიცირებული მოსახლეობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლით, პირველ სამეულში შედის.
როგორც გამყრელიძემ “კურიერთან” საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა.
“საკმაოდ წითელ ზონაში ვართ და საკმაოდ მაღლა ვართ. საერთო მონაცემებს თუ ავიღებთ, რამდენია ინფიცირებული 100 ათას მოსახლეზე, 1 მილიონ მოსახლეზე, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ამით ვართ სადღაც პირველ ოცეულში. მაგრამ, ბოლო 1 ან ბოლო 2 კვირის მონაცემებს თუ აიღებთ 100 ათას მოსახლეზე, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის რიცხვით, სამწუხაროდ, ვართ პირველ სამეულში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.