კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში მძლავრი ბერკეტის ამოქმედებას იწყებს – “გაზპრომი” გაზიფიცირებისთვის ემზადება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა, სოხუმის აეროპორტის ამუშავების მსგავსად, ე.წ. რესპუბლიკის გაზიფიცირების იდეას “სერიოზულად ეკიდება”.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, კერძოდ, 27 იანვარს დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ადგილობრივ მედიასთან საუბარში თქვა, რომ 2020 წლის ნოემბერში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ისაუბრა სოხუმის აეროპორტის აშენების საკითხსა და ე.წ. რესპუბლიკის გაზიფიცირებაზე.

ამასთანავე, ბჟანია აღნიშნავდა, რომ, პანდემიიდან გამომდინარე, ე.წ ბიუჯეტის შესრულება ვერ მოხერხდა და “იძულებული გახდა”, დახმარებისთვის რუსეთისთვის მიემართა. ბჟანიას თქმით, პუტინმა შესაბამისი განკარგულებით მიმართა რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს (თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით), “თუმცა, იმ პირობით, რომ წინა “საინვესტიციო პროგრამასთან” დაკავშირებით ყველაფერი გაირკვეოდა, რომელიც დღემდე არ არის შესრულებული”. ამავე ინტერვიუში ბჟანია ამბობს, რომ პუტინთან შეთანხმდნენ, რომ სოხუმის აეროპორტი 2024 წლისთვის ამუშავდება, ასევე, საუბარი შეეხო მეორე, მსხვილ პროექტს – გაზიფიცირებას.

ბჟანიას თქმით, ე.წ. რესპუბლიკის გაზიფიცირებას ენერგოუსაფრთხოებასთან აქვს უშუალო კავშირი და იქნება ელექტროენერგიის სარეზერვო ალტერნატივა.

“ჩვენმა რუსმა მეგობრებმა გამოგვინახეს, დაახლოებით, 80 მილიონი რუბლი. 30 მარტისთვის ჩვენ მივცემთ შეკვეთას საპროექტო ინსტიტუტს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაზიფიცირების სქემას შეიმუშავებს. წლის ბოლომდე უნდა გვქონდეს გაზიფიკაციასთან დაკაშირებული დოკუმენტები და ამისთვის არცერთ რუბლს არ დავხარჯავთ. ასე დაგვეხმარებიან. ამის შემდეგ დაიწყება პროცესი. რთულია, ახლა გითხრათ, რამდენ დროს წაიღებს ეს ყველაფერი”, – თქვა იანვარში ბჟანიამ.

როგორც ჩანს, “პროცესი მიმდინარეობს”, რადგან ე.წ.ვიცეპრემიერმა, ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა “გაზპრომისა” და “გაზპრომ პრომგაზ”-ის ხელმძღვანელობასთან სანქტ პეტერბურგში დღეს შეხვედრები გამართა.

აღინიშნება, რომ მხარეები ოკუპირებული აფხაზეთის გაზიფიცირების გენერალურ სქემის საკითხს განიხილავდნენ. ასევე, ხდება ცნობილი, რომ უახლოეს დროში სოხუმი ტექნიკური დავალების, შეთანხმებისა და საგზაო რუკის პროექტებს მიიღებს.

“გაზპრომ პრომგაზ”-ის დელეგაცია ე.წ რესპუბლიკას სექტემბერში ეწვევა. ასევე, აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე მოხდება კონტრაქტის ხელმოწერა და ავანსის გამოყოფა. ექსპერტების წინასწარი პროგნოზით, პროექტის რეალიზაციის დროა 11-12 თვე.

ბჟანიასგან განსხვავებით, რომელიც დიდ ოპტიმიზმს გამოთქვამს, რომ გაზიფიცირებაში “არცერთ რუბლს არ დახარჯავს”, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ადრე ამბობდა, რომ “არაფერი არ დაუჯდა უკრაინას ისე ძვირი, როგორც იაფი რუსული გაზი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები