„ფრონტერა“ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, ზაზა მამულაიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავს
ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია „ფრონტერა,“ რომელიც თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილსა და „გრინ კაპიტალს“ საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესის თაღლითურად მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს, გენერალურ პროკურატურას მიმართავს.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ზაზა მამულაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს „ფრონტერას“ წინააღმდეგ განხორციელებული ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის.
საქართველოს გენერალურ პროკურატურას „ფრონტერამ“ 2021 წლის 14 ივლისს მიმართა.
„2020 წლის აგვისტოში, „ფრონტერას“ დირექტორთა საბჭომ ზაზა მამულაიშვილს მოუხსნა კომპანიასთან დაკავშირებული ყველა კორპორატიული უფლებამოსილება და შესაბამისად, იგი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ამის შემდეგ, „ფრონტერამ“ აშშ-სა და საქართველოში ზაზა მამულაიშვილის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი ქმედებები, რათა დაეცვა და შეენარჩუნებინა საქართველოში „ფრონტერას“ მიერ დიდი ხნის მანძილზე წარმოებული ბიზნესი“ – განაცხადეს კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, 2021 წლის 11 ივნისს, Frontera Resources Corporation-მა მოიპოვა დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება ტეხასის შტატის, ჰარისის ოლქის 281-ე საოლქო სასამართლოში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ზაზა მამულაიშვილსა და მასთან აფილირებულ კომპანია „გრინ კაპიტალს“ უკრძალავს საქართველოში „ფრონტერას“ აქტივების განკარგვას, „ფრონტერასთვის“ ნებისმიერი ფორმით კონკურენციის გაწევას და ნებისმიერი საოპერაციო ქმედების განხორციელებას, რაც დაკავშირებულია საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესთან. კომპანიაში აცხადებენ, რომ აშშ-ში სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ექსტრაორდინალურია და საჭიროებს მტკიცების მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილებას, რაც შეძლო „ფრონტერამ.“ შესაბამისად, ზაზა მამულაიშვილმა, „გრინ კაპიტალმა“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა უნდა შეწყვიტონ „ფრონტერასა“ და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება. „ფრონტერა“ თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილს და „გრინ კაპიტალს“ ბიზნესის თაღლითური გზით მისაკუთრების მცდელობაში ადანაშაულებს“ ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია Frontera Resources Corporation, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს, თავის ყოფილ თანამშრომელს, ზაზა მამულაიშვილს და კომპანია „გრინ კაპიტალს“ საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესის თაღლითური გზით მისაკუთრების მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 3 აგვისტოს „გრინ კაპიტალისა“ და ფრონტერას ყოფილი თანამშრომლის, ზაზა მამულაიშვილის მიერ გამოქვეყნდა წერილი პრესაში, რომელიც შეიცავს ყალბ პრეტენზიებს და ინფორმაციას საქართველოში „ფრონტერას“ ბიზნესთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, აღნიშნული წერილის გამოქვეყნების მიზანი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობების მხარდაჭერის მოპოვება გრინ კაპიტალისა და ზაზა მამულაიშვილის თაღლითურ ქმედებებში. „გრინ კაპიტალი“ წარმოადგენს საეჭვო რეპუტაციის მქონე ქართულ საწარმოს, რომელიც ფრონტერას ყოფილ თანამშრომელთან, საქართველოს მოქალაქე ზაზა მამულაიშვილთან შეთანხმებულად მოქმედებს. “გრინ კაპიტალისა“ და ზაზა მამულაიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „ფრონტერასთვის“ ზიანის მიყენებას. ეს გზავნილი ასევე ცდილობს, საქართველოს მთავრობა წარმოაჩინოს, როგორც აშშ-დან განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მიმართ მტრულად განწყობილი სუბიექტი. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საქართველოში ფრონტერას ბიზნესში მავნებლურ ჩარევას, რასთან დაკავშირებითაც ფრონტერამ მიმართა საპასუხო ზომებს“, – აცხადებენ კომპანიაში.
„ფრონტერას“ წარმომადგენლების ინფორმაციით, „გრინ კაპიტალი“ და ზაზა მამულაიშვილი არანაირი ფორმით არ არიან ასოცირებულნი Frontera Resources Corporation-სა და მასთან დაკავშირებულ პირებთან, ისინი არ არიან უფლებამოსილნი, გამოიყენონ „ფრონტერას“ სახელი, მისი ბრენდი და მეტიც, ისინი არანაირად არ არიან დაკავშირებულნი აშშ-ის ინტერესებთან.