პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, რადგან შეთანხმებიდან გასვლას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა ჰქონდა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილმა ვითარება ისე შეაფასა, როგორც თავად ხედავს.
„ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა და გაუქმება კარგი არ არის, მით უმეტეს, რომ შეთანხმების პათოსი ითვალისწინებდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს კონსენსუსის მიღწევის საშუალება უნდა მოეძებნათ. პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, რადგან შეთანხმებიდან გასვლას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა ჰქონდა. პრეზიდენტმა ვითარება ისე გაანალიზა, როგორც თავად ხედავს. გაანალიზა შედეგები, საკმაოდ ცუდია ის შედეგი, რომ პოლიტიკურ პლატფორმაზე პარტიები ვერ ნახულობენ რესურსს, რათა საერთო პოზიციები შეიმუშაონ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. როცა ვითარებას აფასებ, უფრო ზუსტი და დაბალანსებული უნდა იყო, რადგან მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალურია ის, რომ დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი არასდროს უთქვამს და ამის არდანახვა სწორი არ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტი ეცადა, სიტუაცია ასე თუ ისე უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, მაგრამ პრაქტიკულად, არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც ჰქვია დესტრუქციული ქმედებების განვითარების ინტენსიური მცდელობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. პრეზიდენტის პოლიტიკა ასეთია, ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა და საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის ის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პარტია მიჰყვება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმების დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა – პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა.
მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.