Politico იმ მიზეზებს ასახელებს, თუ რატომ არ უწესებს აშშ პუტინს სანქციებს

რატომ იკავებს თავს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და მისი ახლო წრის პირადი სანქციებისგან – ამ თემაზე Politico ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული რამდენიმე მიზეზის გამოა, მათ შორის რუსეთში ქაოსის შიშით და მისი ბირთვული არსენალის არაპროგნოზირებადი და საშიში ძალების ხელში მოხვედრით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება სწრაფ კრახს განიცდის.
ანალიტიკურ სტატიაში ასევე აღნიშნულია, თუ რატომ იქცევა ვაშინგტონი კვლავ ფრთხილად პუტინთან და კრემლთან მიმართებაში.
გამოცემა რუსული ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარებს ციტირებს, მათ შორის, გარი კასპაროვის, რომელიც ამჟამად, დევნილობაში ცხოვრობს. ისინი პუტინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. მთელი რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ერთსა და იმავე მოსაზრებას იცავენ. ისინი მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ კრემლის რეჟიმი კლეპტოკრატიულია და მისი შეჩერების მიზნების მისაღწევად, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაარტყას მის ყველაზე მტკივნეულ ადგილს – მის მილიარდობით დოლარის აქტივებს უცხოეთში. პუტინის ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ ის თავად არის უზარმაზარი სიმდიდრის მფლობელი.

ბაიდენის ადმინისტრაციის ჩინოვნიკი, რომელსაც ციტირებს Politico, პუტინის რეჟიმს კლეპტოკრატიულს უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ფულის გარდა არაფერი აინტერესებს.
”მას, რა თქმა უნდა, აქვს სხვა ამბიციები გეოპოლიტიკურ სცენაზე, გარდა იმისა, რომ თავად გამდიდრდეს და გაამდიდროს თავისი მეგობრები,” – ამბობს ის.
ანალიტიკოსები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ პუტინისა და მის გარემოცვის რეალური აქტივების შესახებ ფაქტობრივად არ არსებობს სანდო ინფორმაცია. მათი აზრით, პუტინის ოპონენტები სპეცსამსახურების შესაძლებლობებს აზვიადებენ – ყველა აქტივის პოვნა შეუძლებელია და კიდევ უფრო ძნელია მათი კავშირის დამტკიცება პუტინთან.

როგორც Politico-ს სტატიაშია ნათქვამი, ბაიდენის ადმინისტრაციას სურს სანქციებით მუქარა და არა თავად სანქციები, გამოიყენოს როგორც კრემლზე ზეწოლის ბერკეტი, მაგალითად, კიბერშეტევებთან ბრძოლის საკითხზე. რადგან, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თუ პუტინს სანქციები დაუწესდება, ხიდები დაიწვება და რუსეთთან თანამშრომლობა შეუძლებელი გახდება.
და ბოლოს, სანქციებმა შეიძლება შეაფერხოს რუსეთის ეკონომიკა, რამაც თავის მხრივ შეიძლება შექმნას პრობლემები გლობალური ეკონომიკისთვის, ხოლო რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოხდეს, რადგან ის სავსეა ქაოსითა და ძალადობით.
აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოებასთან საუბრისას, ბაიდენმა ჟენევაში რუსეთის ლიდერთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, პუტინს აქვს “რეალური პრობლემა” რუსეთის ეკონომიკის სისუსტის მხრივ. აშშ -ს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ ბირთვულ იარაღსა და ნავთობის რესურსებს ეყრდნობა და რუსეთს სხვა არაფერი აქვს. ბაიდენის თქმით, ამ პრობლემის გაცნობიერება პუტინს კიდევ უფრო საშიშს ხდის. თუმცა მომდევნო დღეს კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბაიდენის სიტყვები უარყო.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ჯო ბაიდენი კვლავ არ ენდობა პუტინს და არ ცდილობს მასთან ახლო ურთიერთობის დამყარებას. აშშ -ს ადმინისტრაციის მიზანია, მიაღწიოს პროგნოზირებადობას რუსეთთან ურთიერთობებში და კრემლმა უარი თქვას შეერთებული შტატების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე, როგორიცაა არჩევნებში ჩარევა ან ჰაკერული თავდასხმები.
Politico-ს ასევე მოჰყავს კრემლის კრიტიკოსების მოსაზრებები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ მიდგომას, მათ შორის ერმიტაჟის კაპიტალის ხელმძღვანელი ბილ ბრაუდერი, რომელიც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების მსგავსად დაჟინებით მოითხოვს მსხვილი რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები