რა ბედი ეწევა 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა – ირაკლი კობახიძის განმარტება

რა ბედი ეწევა 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა – ამ კითხვას “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.

“19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულება ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა. განვმარტავთ თითოეულს:

ჩვენ ჯერ კიდევ 19 აპრილამდე, ვიდრე დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, განვაცხადეთ, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდებოდა. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება: სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, სიღრმისეულად განიხილება და მიიღება;

შემოდგომაზე დასრულდება ამნისტიის შესახებ კანონის მიღება;

ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე, განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ.

და ბოლოს, რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს. უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43 პროცენტის, არამედ 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული.

სამწუხაროა, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის მანძილზე ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს, შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის.

თუმცა, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

წინ გველის ძალზე საინტერესო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საქართველოს მოსახლეობა მუნიციპალურ მერებსა და საკრებულოებს აირჩევს. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ხელი შეუწყონ არჩევნების ჯანსაღ და ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში ჩატარებას, თავი შეიკავონ საბოტაჟისგან და მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი, რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს ის მათთვის”,- განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები