ბათუმში რესტორან ,,იმპერიალის” მფლობელმა 14 წლის გოგონა მიმტანად დაასაქმა, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,პრაიმტაიმმა” გაავრცელა.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია და დაკავებულს ბრალი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების მუხლით აქვს წარდგენილი.
ბრალდებულის ადვოკატი “პრაიმტაიმთან” საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მას ეს ყველაფერი მოუწყეს, თუმცა, თუ ვის ან რატომ შეიძლება, დაედო ხელი უდანაშაულო დ.ც-თვის, ამას ადვოკატი არ აკონკრეტებს. ირკვევა, რომ საქმეში მტკიცებულების სახით დევს ვიდეოჩანაწერები, სადაც არასრულწლოვნის ემოციებია ასახული. ვიდეოში ჩანს, როგორ ტირის და განიცდის მომხდარს 14 წლის გოგო.
“ეს ვიდეოები მე ვანახე ფსიქოლოგებს. დარწმუნებული ვარ და ამას დავამტკიცებ, რომ ეს ყველაფერი არის დადგმული და მოწყობილი. დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ასევე, მოთხოვნილი გვაქვს გამავალი ზარების ამონაწერი, თუმცა, ჩვენ ამ მტკიცებულებების მოპოვებაში შეგნებულად გვეშლება ხელი. დ.ც-ს არანაირად არ უძალადია ბავშვზე. პირიქით, გოგონა მას ეუბნებოდა, რომ დედა აიძულებს მუშაობას, რის გამოც თავის მოკვლა უნდა. მან სცადა ბავშვის დამშვიდება და დარწმუნება, რომ ცუდი არაფერი ჩაედინა. ამ დროს თვითონ ბავშვი ჩაეხუტა მას მამა-შვილურად. დ.ც-ს მხრიდან არავითარ გარყვნილ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. თავად ამ ბავშვის დედამ კი იძალადა დ.ც-ს ოჯახის წევრებზე, სცემა 9 წლის ბავშვი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დედა, თუმცა ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა,” – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდება მხოლოდ ბავშვის მტკიცებულებას ეფუძნება.
“ბრალდება მხოლოდ ბავშვის მტკიცებულებას ეფუძნება, თითქოს, ეს იყო სექსუალური ძალადობის მცდელობა”, – აცხადებს არასრულწლოვანი გოგონას ადვოკატი, დავით ჯაფარიძე.