ასობით ადამიანმა, რომელიც წელს კანადაში რეკორდული სიცხის შედეგად დაიღუპა, კიდევ უფრო გაზარდა გლობალური დათბობის შედეგად დაღუპულთა სია.
სიახლე არ არის, რომ გვალვის დროს, სხავდასხვა მონაცემებით, ასობით ადამიანი იღუპება. სიცხისგან სიკვდილი არ ნიშნავს მხოლოდ მზის დარტყმას ან უჰაერობისგან გაგუდვას. კიდევ უფრო მეტი ადამიანი კვდება უნალექობის გამო. ღარიბ აგრარულ ქვეყნებში გვალვა კარგი მოსავლის აღებას უშლის ხელს, რაც სურსათის დეფიციტს, ფასების ზრდას იწვევს და საერთო ჯამში ამძაფრებს ვითარებას, რაც ხშირად სამოქალაქო დაპირისპირებაში იზრდება.
მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა ექსტრემალურმა ამინდმა, შესაძლოა, ახლო მომავალში ხმელეთის დიდი ნაწილი ამომწვარ მინდვრად აქციოს და შესაძლოა, დედამიწა საცხოვრებლად უვარგისიც გახდეს.
სიცხე, სიცხე, სიცხე …
2021 წლის ზაფხულის პირველმა თვემ არა მხოლოდ კანადა გააოცა ტემპერატურული რეკორდით, არამედ ჩრდილო და აღმოსავლეთ ევროპა, ასევე აზიის სხვადასხვა ქვეყნები. ევროპული პროგრამა Copernicus-ის მონაცემებით, რომელიც კლიმატის ხანგრძლივ ცვლილებებს აკვირდება, ჩრდილოეთი ამერიკის ტერიტორიაზე გასული ივნისი ყველაზე ცხელი იყო მთელი კლიმატური კვლევების ისტორიაში. ევროპაში მან „საპატიო“ მეორე ადგილი დაიკავა. მხოლოდ ერთმა ექსტრემალურმა ამინდმა კანადაში სულ მცირე რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილი გამოიწვია და ეს რიცხვი თანდათან იზრდება.
მეცნიერების თქმით, 2021 წლის არანორმალურად ცხელი ზაფხულის მიზეზი გლობალური დათბობა გახდა – სასათბურე ეფექტის შედეგად ატმოსფეროს დათბობა.
„ეჭვგარეშეა, რომ აქ საკვანძო როლი კლიმატის ცვლილებამ ითამაშა“,- აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფედერიკო ოტტო.
მისი თქმით, სიცხე ისე შესამჩნევად არ კლავს, როგორც სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები, როგორიცაა – ქარიშხალი ან ცუნამი. ადამიანები არც ისე ხშირად ეცემიან ქუჩაში, ისინი სახლში კვდებიან ცუდი თბოიზოლაციის ან კონდიციონერის უქონლობის გამო.
ათობით ათასი მსხვერპლი
არსებობს რიგი კვლევები, რომლებიც აკავშირებენ სიცხისგან სიკვდილს კლიმატურ ცვლილებებთან და კატასტროფის მასშტაბის შეფასების საშუალებას იძლევა. ბოლო შეფასების თანახმად, რომ არა გლობალური დათბობა, ექსტრემალურად ცხელი ამინდის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ერთნახევარჯერ ნაკლები იქნებოდა.
მაისის ბოლოს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეძღვნებოდა სხვადასხვა რეგიონში ანომალიური სიცხის სიკვდილიანობაზე ზეგავლენის გამომწვევ სხავდასხვა მიზეზს. მასშტაბური კვლევის ავტორები – 70 კლიმატოლოგი და ეპიდემიოლოგი 43 ქვეყნიდან – მივიდნენ დასკვნამდე, რომ გლობალური დათბობა, რომელიც ადამიანის ბრალია, პასუხისმგებელია სიცხის შედეგად დაღუპულთა 37%-ზე.
სიცხე მხოლოდ პირდაპირ არ კლავს, ეს თანდათან ხდება – გაცილებით ეფექტურად, ვინაიდან ამაში მას ადამიანები ეხმარებიან.
ღარიბ აგრარულ ქვეყნებში ნელნელა, მაგრამ განუწყვეტლივ იზრდება საშუალო ტემპერატურა, რაც იწვევს გვალვას, გვალვა – ცუდ მოსავლიანობას, ცუდი მოსავლიანობა – შიმშილს. ასეთ პირობებში იზრდება ბრძოლა რესურსებისთვის და ადრე თუ გვიან გარდაუვალია კონფლიქტი.
„თუკი გაგვიმართლებს“
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის და კლიმატური ცვლილებების ინსტიტუტის შემქმნელი პროფესორი, სერ ბრაიან ჰოსკინსი, სერიოზულად არის შეშფოთებული, რომ ზოგიერთ რეგიონში რეალობა შესაძლოა გაცილებით მძიმე იყოს, ვიდრე ნებისმიერი პროგნოზი.
„კლიმატური მოდელები აღწერენ იმ მომავალს, რომელში კარგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით, თუკი გაგვიმართლებს. მათში ჩადებული შეფასებები შესაძლოა ძალიან კონსერვატორული აღმოჩნდეს“,- აცხადებს პროფესორი.
5 წლის წინ მიღებული პარიზის კლიმატური შეთანხმება ცდილობს შეინარჩუნოს აწეული საშუალო წლიური გლობალური ტემპერატურა 1,5-2 გრადუსის ფარგლებში ინდუსტრიალურ პერიოდთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ციფრების ინტერპრეტირება ძალიან ფაქიზად უნდა მოხდეს. დღესდღეობით, ბევრი სიცოცხლე შეინარჩუნა კონდიციონერმა, რომელიც ცხელი ქვეყნების მოსახლეობას ცხოვრების საშუალებას აძლევს. მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ამ ვარიანტზე დაყრდნობა არ გამოგვადგება.
პირველ რიგში კონდიციონერი ძალიან აბინძურებს ატმოსფეროს – იმავე ნახშიროჟანგით, რომლის სასათბურე ეფექტი კიდევ უფრო ახურებს დედამიწას. მეორე კი ის არის, რომ მათი მუშაობა ბევრ ელექტროენერგიას მოითხოვს, ხოლო სიცხეში ელექტროსადენები ხშირად ფუჭდება და იწვება – საშუალო ტემპერატურის ზრდასთან ერთად ეს ყველაფერი უფრო ხშირი იქნება.
„თუკი ადრე ვამბობდით, რომ მეცნიერი შეშფოთებულები არიან განვითარებული მოვლენებით, ახლა უნდა ითქვას, რომ ისინი შეშფოთებულები კი არა, სინამდვილეში შეშინებულები არიან“,- აცხადებს პროფესორი.