„ირლანდიურმა კომპანია Precision Services -მა დაახლოებით 600 -მდე თანამშრომელი გაათავისუფლა, ბოლო თვის ხელფასები კი არ გადაუხადა“
ირლანდიური კომპანია Precision Services-ის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანიამ დაახლოებით 600 -მდე თანამშრომელი გაათავისუფლა, ბოლო თვის ხელფასები კი არ გადაუხადა.
ამის შესახებ კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა: თეო ქავთარაშვილმა, ანი თოლორდავამ და ვასილ აფციაურმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრეს.
„Precision Services-ს აქვს ონლაინკურსების პლატფორმა. ჩვენ, ასე ვთქვათ, სტუდენტების მოძიების მენეჯერები ვიყავით, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ვეძებდით სტუდენტებს. ისინი შემოდიოდნენ ჩვენს ვებგვერდზე, ჩვენ მათ ვარეგისტრირებდებდით და შესაბამის ინფორმაციას ვაწვდიდით“, – განაცხადა ანა თოლორდავამ.
კომპანიის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ისინი Precision Services -მა მოატყუა.
„ირლანდიური კომპანია Precision Services-ი საქართველოს ბაზარზე 2020 წლის სექტემბრიდან არსებობს. კომპანიას დაახლოებით ათასამდე თანამშრომელი ჰყავდა დასაქმებული.
კომპანიამ თავის დასაქმებულებს ბოლო თვის ხელფასი არ გადაუხადა და არც აზუსტებს რიცხვს, როდის გადაუხდის ბოლო თვის ხელფასს. Precision Services -ს დირექტორის, ადრიან მურფის განცხადებით, მან იცოდა, რომ ფინასნური პრობლემები ჰქონდა, თუმცა, თანამშრომლების დასაქმებას მაინც განაგრძობდა. მან იცოდა, რომ თვის ბოლოს მათ ხელფასს ვერ გადაუხდიდა. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა, რომ დირექტორმა ხელფასის გადახდის რიცხვზე აიღოს პასუხისმგებლობა.
კომპანიამ გამიზნულად მოატყუა თავისი თანამშრომლები: 27 მაისს თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანიას ტექნიკური პრობლემები შეექმნა, სანამ ხარვეზი არ გამოსწორდებოდა, თანამშრომლები სამსახურში არ მისულიყვნენ, გაცდენილი დღეები კი ანაზღაურებადი შვებულების პრინციპით აუნაზღაურდებოდათ. კომპანიამ 28 მაისიდან თანამშრომლებს მეილებზე წვდომა შეუწყვიტა. 30 მაისს კი, ხელფასის დარიცხვის დღეს კომპანიის დირექტრმა თანამშრომლებს ტელეფონის ნომრებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა, რომ ის ვერ გადაიხდიდა ხელფასს და ვერც ასახელებდა ხელფასის გადახდის ზუსტ დროს“, – განაცხადა თეო ქავთარაშვილმა.
Precision Services-ის ყოფილი თანამშრომლები ითხოვენ, კომპანიამ მათი კუთვნილი ხელფასები გადაუხადოს. ისინი შრომის ინსპექციას მიმართავენ.
„ასევე, ვითხოვთ, რომ შრომის ინსპექცია და ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც გაერთიანებული სამინისტროა და შრომის სამინისტროსაც მოიცავს, დაგვიდგნენ მხარში. გვსურს, რომ როგორც შრომის ინსპექცია, ისე სამინისტრო მედიაციის პროცესში ჩაერთონ, მხარი დაგვიჭირონ, რათა ექსპლოატაცია უპასუხოდ არ დარჩეს“, – განაცხადა ანი თოლორდავამ.
საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“, რომლის თავმჯდომარის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, გამორიცხული არაა, რომ სასამართლოსაც მიმართონ.
„დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი“ ჩაერთო ამ საქმეში. ჩვენ შრომის ინსპექციას მივმართეთ. არ გამოვრიცახვთ, რომ სარჩელი სასამართლოშიც შევიტანოთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.