იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს რეკომენდაცია გაუწია პლენარულ სხდომაზე წარსადგენად

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს: გოჩა აბუსერიძეს, გიორგი გოგიაშვილს, ლევან თევზაძეს, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუააა და ლაშა ქოჩიაშვილს რეკომენდაცია გაუწია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსადგენად. პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტმა სამ კანდიდატს: ქეთევან მესხიშვილს, გიორგი შავლიაშვილსა და ეკა ზარნაძეს მხარი არ დაუჭირა.

გოჩა აბუსერიძის, ლევან თევზაძისა და ლაშა ქოჩიაშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა კომიტეტის 11-მა წევრმა. აქედან, 10 ხმა ფრაქცია ქართულ ოცნებას” ეკუთვნის, ხოლო ერთი ხმა – ფრაქციას „ევროპელი სოციალისტები”.
გიორგი გოგიაშვილისა და რევაზ ნადარაიას კანდიდატურებს მხარი დაუჭირა კომიტეტის 10-მა წევრმა. ყველა ხმა ფრაქცია ქართულ ოცნების” წარმომადგენლებს ეკუთვნით. ბიძინა სტურუას კანდიდატურას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების” 10-მა წევრმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა „ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენელმა.
„საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ამიტომ, ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების მიღების დროს ვხელმძღვანელობთ საქართველოს კონსტიტუციით და, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები