სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისში, პოლიციის შენობიდან მოქალაქის გადახტომის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიმდინარე წლის 16 ივნისს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობიდან მოქალაქის გადმოხტომის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„2021 წლის 16 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობიდან ლ.გ.-ს გადმოხტომის ფაქტს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
გამოძიების დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დაუყოვნებლივ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ადგილმდებარეობა; ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები; მოწმის სახით გამოიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, მათ შორის, ფაქტის შემსწრე პოლიციის თანამშრომლები; გამოთხოვილი და დათვალიერებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებზეც სრულად არის აღბეჭდილი პოლიციის შენობაში განვითარებული მოვლენები; შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებსა და ობიექტებზე დაინიშნა კომპლექსური (გენეტიკური, ბიოლოგიური, ქიმიური და ტრასოლოგიური) ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნები ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
გამოძიების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 ივნისს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობაში ლ.გ. იმყოფებოდა ყოფილ მეუღლესთან ერთად. პოლიციის შენობის მესამე სართულზე, საერთო სივრცეში, პოლიციის მუშაკების მიერ, დგებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია ლ.გ.-სა და მისი ყოფილი მეუღლის მონაწილეობით. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაბამისი დოკუმენტების შევსების პროცესში, დაახლოებით 20:50 საათზე, ლ.გ.-მ ითხოვა ნებართვა საპირფარეშოში გასასვლელად. ლ.გ. მშვიდი მოძრაობით დაშორდა მაგიდას, ხოლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გაიქცა აივნის მიმართულებით და გადახტა აივნიდან. აღნიშნული დასტურდება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომლებზეც სრულადაა აღბეჭდილი ლ.გ.-ს პოლიციის დაწესებულებაში გადაადგილება. ჩანაწერებში აღბეჭდილი სურათი თანხვედრაშია პოლიციის დაწესებულებაში მყოფი მოწმეების ჩვენებებთან.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია გამოძიების მიმდინარეობს დროს სავარაუდო მსხვერპლთან, მისი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, არაერთხელ სცადა კომუნიკაცია ლ.გ.-ს ოჯახის წევრებთან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, თუმცა ისინი დაუდგენელი მიზეზით არ გამოხატავდნენ გამოძიებასთან კომუნიკაციის სურვილს და არ ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ექსპერტიზის დასკვნების მიღებისა და შემხვედრი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდგომ, სისხლის სამართლის საქმეზე დადგება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.