ივანე ჩხაიძე: ,,დელტა” შტამის აგრესიულობა გამოიხატება უფრო მეტ ინფიცირებაში, ახალგაზრდებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში

,,დელტა” შტამის აგრესიულობა გამოიხატება უფრო მეტ ინფიცირებაში, ახალგაზრდებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ შტამს ძალიან სწრაფი გავრცელების უნარი აქვს და მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში შეიძლება გახდეს ქვეყანაში დომინანტური ვარიანტი.

“რამდენადაც ვიცი, 20 შემთხვევა, რომელიც დღეისათვის საქართველოში დადასტურებულია ,,დელტა” შტამის არსებობა, ამ 20 ადამიანში არცერთი ბავშვი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეალურად ასეა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვახერხებთ ყველა დელტა ვარიანტით ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, ვერცერთი ქვეყანა ვერ ახერხებს ამას.

,,დელტა” ვარიანტის აგრესიულობა გამოიხატება სწორედ უფრო მეტ ინფიცირებაში, ახალგაზრდებში და 12 წლის ზემოთ ბავშვებში. ასე რომ სავსებით დასაშვებია საქართველოში უკვე იყოს ისეთი ბავშვი, რომელიც ამ ვარიანტით არის ინფიცირებული, თუმცა ამის ლაბორატორიული დადასტურება დღესდღეობით არ გვაქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ვარიანტს ძალიან სწრაფი გავრცელების უნარი აქვს მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში შეიძლება გახდეს ქვეყანაში დომინანტური ვარიანტი, რა თქმა უნდა, ის ბავშვებშიც იქნება იდენტიფიცირებული,” – აღნიშნა ჩხაიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვნია ქვეყანაში მოზარდების ვაქცინაცია დაიწყოს. მისივე თქმით, Pfizer-მა ოფიციალურად შეცვალა ასაკობრივი ჯგუფი და მოზარდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 წლიდან ზემოთ აცრიან. იმავეს გეგმავენ სხვა კომპანიებიც.

“თუ ჩვენ არ ჩავატარებთ ვაქცინაციას ბავშვებში, ისინი მუდამ დარჩებიან ინფექციის გამავრცელებლად. დღეისათვის ეს პრიორიტეტი ჩვენ ქვეყანაში არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები