გრიგოლ ვაშაძე: თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევას, მაშინ რადიკალურ ზომებზე უნდა დავილაპარაკოთ

“თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ამ დოკუმენტის დარღვევას და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს, სამწუხაროდ, გაგრძელდება, მაშინ რადიკალურ ზომებზე უნდა დავილაპარაკოთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ პირუთვნელად არ შესრულდა მიშელის დოკუმენტი, პარლამენტის შენობაში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს.

„როგორც კი ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გაჩერებულიყო და შემდეგ თავიდან უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი ოპოზიციასთან შეთანხმებით. მარტო ტექსტი კი არა, ჩვენი მოკავშირეების კომენტარებიც ცალსახად ადასტურებს, რომ ამ ადამიანებსაც ცალსახად აქვთ ერთი აზრი, რომ ეს არის შარლ მიშელის შეთანხმების ძალიან უხეში დარღვევა. რა უნდა იყოს ოპოზიციის პასუხი? – ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ავუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს –  იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დავუჯერეთ საქართველოს მოკავშირეებს, ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, შემოვედით პარლამენტში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, 99 პროცენტს ეს სამართლიანად არ უნდოდა, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ამ დოკუმენტის დარღვევას და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს სამწუხაროდ, გაგრძელდება, მაშინ რადიკალურ ზომებზე უნდა დავილაპარაკოთ. მე მთელი ოპოზიციის სახელით ვერ ვილაპარაკებ, რადგან არავითარი სჯა-ბაასი ამაზე არ ყოფილა. ჩემი პირადი აზრია, რომ თუ პირუთვნელად არ შესრულდა მიშელის დოკუმენტი, ამ შენობაში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები