მიხეილ სარჯველაძე: სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია იმ წარმატებებზეც, რომელიც რეალურად არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში

„სახალხო დამცველის ანგარიშში კრიტიკული განწყობებია დაფიქსირებული, მაგრამ სახალხო დამცველს რომ შედარებით დაბალი სტანდარტი ჰქონდეს ამა თუ იმ სამართალდარღვევებთან მიმართებით მტკიცებისთვის ან ამა თუ იმ ტენდენციის უარყოფითად შეფასებისთვის, ეს სავსებით ნორმალურია. ასევე გამართლებულია, სახალხო დამცველისგან სულ მცირე ეჭვის დროსაც ისმოდეს განგაშის სიგნალი, თუმცა გაუმართლებელია თემის შემდგომი დრამატიზება, როგორც ეს ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სცადა”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით მსჯელობენ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია ასევე იმ წარმატებებზეც, რომელიც რეალურად არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში.

„ჩვენ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამცავი მექანიზმის მობილიზება მოვახდინოთ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და პრევენციისთვის, რომ სამართალდარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები