ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს – მეუფე ანდრია

ზაზა გახელაძის ოჯახს წმინდა სინოდის წევრები შეხვდნენ. სამთავისისა და კასპის მეუფე დამიანეს და ათენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას შეხვედრა ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან ორ საათს გაგრძელდა.

მეუფე ანდრიას განცხადებით, ცოტახნის წინ ოჯახმა თხოვნით მიმართა პატრიარქ ილია მეორეს, შუამდგომლობა გაეწია რუსულ ეკლესიასთან, ვინაიდან ზაზა გახელაძე რუსულ საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებს ჰყავთ დაკავებული.

„პატრიარქმა განიხილა მათი თხოვნა და თანხმობა განაცხადა, რომ მისი სახელით რუსული ეკლესიის წინამძღოლს გაეგზავნოს შუამდგომლობა თხოვნით ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლების თაობაზე“, – აცხადებს მეუფე ანდრია.

ამის მიუხედავად, ზაზა გახელაძის მამის პოზიცია უცვლელია და ის ხვალ დილით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავა. ოჯახის გადაწყვეტილებით, მას აღარ შეუერთდებიან ზაზა გახელაძის შვილები და მეუღლე. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საპროტესტო აქციაში, რომელიც ხვალ ქვემო ჭალიდან დაიწყება და ავტომაგისტრალზე გადაინაცვლებს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიები აპირებენ. ისინი ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.

ხვალ ზაზა გახელაძის დაბადების დღეა, ის 34 წლის ხდება, 11 ივლისს კი მისი დაკავებიდან ერთი წელი შესრულდება.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები