მარიამ სულაბერიძე: საყოველთაო ინტერნეტიზაციის პირველი საპილოტე პროექტი იყო დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ  ყოველი შემდგომი პროექტი ასეთივე წარმატებით განხორციელდეს

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტის განხორციელების მიზნით, დღეს აჭარაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლევან ზოიძემ და „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ ერთობლივი  შეხვედრა გამართეს და პროგრამის დაწყებისთვის  საჭირო მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„დღეს, ჩვენ პირველი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ აჭარაში, სადაც განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ქსელის მშენებლობის დასაწყებად და მშენებლობის პროცესში აქტუალური ხდება და საჭიროებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან  კოორდინაციას. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პირველი საპილოტე პროექტი იყო დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ ყოველი შემდგომი პროექტი ასეთივე წარმატებით განხორციელდეს“,  – აღნიშნა მარიამ სულაბერიძემ.

მედიასთან კომენტირებისას მან ასევე ისაუბრა ქობულეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაზე და იმედი გამოთქვა, რომ კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორები  პროექტით დაინტერესდებიან.

„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში  გამოცხადებული შესყიდვით კერძო სექტორი დაინტერესდება, მიიღებს ამ გამოწვევას  და სახელმწიფოსთან ერთად აქტიურად ჩაერთვება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ეტაპზე, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  პირველი საპილოტე პროექტი დასრულებულია და  გამოცხადებულია სახელმწიფო შესყიდვა მეორე საპილოტე პროექტზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქსელის მშენებლობა მიმდინარე წლის  ბოლოს დასრულდება და კიდევ 10 500 მოსახლეს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ფართოზოლოვანი მომსახურებებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები