საგამოძიებო კომისიის მიერ შერჩეულ საარჩევნო უბნებზე ტექნიკური ხასიათის შეცდომები იკვეთება, რასაც შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა – გივი მიქანაძ

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის შეფასებით, კომისიის მიერ შერჩეულ საარჩევნო უბნებზე ტექნიკური ხასიათის შეცდომები იკვეთება, რაც თავის მხრივ, გარკვეული უყურადღებობითა და უპასუხისმგებლობით არის გამოწვეული.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე გურჯაანის N12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და N09.12.03 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები გამოიკითხნენ. ამჟამად კი, ახსნა-განმარტებებს ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და N07.09.66 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისგან ისმენენ.

გივი მიქანაძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია გადათვლისა და გასაუბრების პროცესს ყველაზე უფრო პრობლემატურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით ახორციელებს.

“აქ რომ გარკვეული ცდომილებები იყო, ამის თაობაზე ინფორმირებული თავიდანვე ვიყავით და ამ უბნების პრობლემურობას სწორედ ეს განაპირობებდა. როდესაც გადათვლის პროცესში 20 საარჩევნო უბნის შედეგი ვნახეთ, აღმოჩნდა, რომ ძირითადად ტექნიკური ტიპის ხარვეზებზე იყო საუბარი, რასაც არჩევნების საბოლოო შედეგზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. ამასთან, კომისია იმ უბნებით დაინტერესდა, სადაც ასეთი ხარვეზები უფრო აშკარად იყო გამოკვეთილი და ახსნა-განმარტებების მისაღებად ვაკის, ნაძალადევის, გურჯაანისა და მარნეულის ოთხი უბანი შევარჩიეთ. გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და N09.12.03 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა გარკვეულწილად უყურადღებობა, უპასუხისმგებლობა და ნაწილობრივ კომპეტენციის პრობლემა კომისიის წევრებს შორის, რამაც კონკრეტული შეცდომები გამოიწვია, რომლის აღმოფხვრა და ბალანსის გათანაბრება შესაძლებელი გახდა, როცა ჩვენ ეს უბნები პროფესიონალი მთვლელების მეშვეობით გადავითვალეთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ თავად საარჩევნო კომისიის წევრები დაშვებულ შეცდომებს სტრესული გარემოთი ხსნიან, რაც პანდემიის პირობებიდან გამომდინარე მათი ეკიპირებით და ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული ემოციური ფონით იყო გამოწვეული.

“რეალურად ჩვენ მივიღეთ სურათი, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაშვებული იყო შეცდომები, რასაც შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა“, – დასძინა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები