დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსზე მოსახლეობის იმუნური ფენის კვლევას იწყებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსზე მოსახლეობის იმუნური ფენის კვლევას იწყებს. ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩატარდება. კვლევის საგანი იქნება, რამდენად აქვს მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები.

„კვლევა იქნება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა გვქონდეს ინფორმაცია მთელს ქვეყანაზე და კვლევა ჩატარდება 8 000-მდე შენარჩევზე. აღნიშნული კვლევა ტარდება ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად. მათი გუნდი ჩამოდის ამ კვირას საქართველოში, მათთან ერთად დაზუსტდება ყველა პარამეტრი, რასაც კვლევაში გამოვიყენებთ.

ასევე, გასაუბრებები იქნება ჯგუფებთან, რომლებმაც ველზე უნდა იმუშაონ. შემდეგ იქნება სამდღიანი განმეორებითი ტრენინგი ამ ჯგუფების. საპილოტედ კვლევა დაიწყება თბილისში და შემდეგ მოხდება განვრცობა სხვა ქალაქებზე. საველე სამუშაოები წარიმართება ორი თვის, ივნისი-ივლისის განმავლობაში. ორი თვის შემდეგ მოხდება აღებული მასალის ლაბორატორიული კვლევები და გაანალიზდება შედეგები.

გარდა კოვიდისა, ეროვნული კვლევა ჩატარდება კიდევ ორ ინფექციაზე, გამოკვლეული იქნება ცე და ბე ჰეპატიტი. ჰეპატიტთან მიმართებით ველოდებით საინტერესო მონაცემებს, ანუ რა მოგვცა ჩვენ ელიმინაციის პროგრამამ და როგორ შემცირდა ცე ჰეპატიტის პრევალენტობა ქვეყანაში. რა შედეგი მოგვცა ბე ჰეპატიტის იმუნიზაციამ, რომელიც 2001 წელს დაიწყო ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები