ევროპოლის საერთაშორისო ოპერაციის შედეგი – 800-ზე მეტი დაკავებული და 30 ტონაზე მეტი ამოღებული ნარკოტიკი

ევროპის პოლიციის სააგენტოში განაცხადეს, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია წარმატებით განხორციელდა რამდენიმე კონტინენტზე.

ოპერაციის შედეგად, დაკავებულია 800-ზე მეტი ეჭვმიტანილი 16 ქვეყანაში.

როგორც ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპოლის წარმომადგენელმა, ფილიპ ლეკუფემ განაცხადა, ევროპაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში 700-ზე მეტ ლოკაციაზე ჩხრეკა ჩატარდა.

მისი ინფორმაციით, ჯამურად, ამოღებულია 30 ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, 8 ტონაზე მეტი კოკაინი, იარაღი და ნაღდი ფული.

ოპერაცია “ტროას ფარის” ფარგლებში, გამოძიება, რომელსაც კოორდინაციას უწევდა ევროპოლი, 16 ქვეყნის პროფილური უწყების მონაწილეობით მიმდინარეობდა.

როგორც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენელმა, კალვინ შივერსმა თქვა, გამოძიება ემყარებოდა კრიპტოტელეფონების მეშვეობით კომუნიკაციის მიკვლევას.

მისი თქმით, 100-ზე მეტ ქვეყანაში მოხერხდა ტელეფონების გავრცელება 300 დანაშაულებრივ ჯგუფში. ამის შემდეგ, 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მათი მოსმენა და სხვა კომუნიკაციის დაკვირვება. კერძოდ, შემოწმდა 27 მილიონზე მეტი ელექტრონული ფოსტა.

ამ გზით გამომძიებლებმა შეძლეს ANOM-ის დაშიფრულ პლატფორმაზე წვდომის მოპოვება, რომელსაც იყენებდნენ ეს ჯგუფები და შევიდნენ მათ ჩათებში.

აღინიშნება, რომ სწორედ კრიპტოტელეფონების მეშვეობით გამოაშკარავდა მაფიოზური დაჯგუფებების, დანაშულებრივი კლანებისა და აზიური დანაშაულებრივი სინდიკატების წევრების გეგმები ნარკოტიკების ტრეფიკინგისა და ფულის გათეთრების სფეროებში, ასევე, დაგეგმილი მკვლელობები 100-ზე მეტ ქვეყანაში.

გამომძიებლების თქმით, ამრიგად, მოხერხდა დაახლოებით 100 ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები